მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იმ ზღვრამდეა, როცა შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. თუ ეს მოხდა, აქედან როგორ გაასწრებს ივანიშვილი და ბევრი სხვა, საკითხავია - ნუ ეთამაშებიან ადამიანის სიცოცხლეს „ვივამედსა“ და ხელისუფლებაში! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ციხეში ან უშუალოდ ციხის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე განცხადებები მუქარაა.
„დემაგოგიურ განცხადებებს აკეთებენ „ვივამედში“, რომ თურმე რეპუტაციულ ზიანს იღებენ. რეპუტაციულ ზიანს კი არა, დახურავენ და და წავა ციხეში არამარტო „ვივამედის“ ხელმძღვანელობა, არამედ ბევრი სხვა, თუ მიხეილ სააკაშვილი მოკვდა. თურმე რეპუტაციული ზიანი ადგებათ, რომ ადამიანი ხელში აკვდებათ. ახლა გაახსენდათ ხომ?! ეს არის მუქარა, რომ გადაიყვანენ კვლავ ციხეში ან ციხის საავადმყოფოში. რა თქმა უნდა, ამ განცხადებას ისინი არ აკეთებენ დამოუკიდებლად. დამოუკიდებლად რომ რამის გაკეთების თავი ჰქონოდათ, მანამდე გააკეთებდნენ განცხადებას. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მისულია იმ ზღვრამდე, როცა შეიძლება დამთავრდეს ფატალურად. თუ ეს მოხდა, აქედან როგორ გაასწრებს ივანიშვილი და ბევრი სხვა, საკითხავია. ნუ ეთამაშებიან ადამიანის სიცოცხლეს „ვივამედსა“ და ხელისუფლებაში. უცხოეთში მისი გადაყვანის გარეშე შეიძლება ყველაფერი დამთავრდეს კატასტროფულად. დროზე მიიღონ გადაწყვეტილება,“- განაცხადა გოცირიძემ.
ინფორმაციისთვის, „ვივამედი“ აცხადებს, რომ იძულებული ხდება მიმართოს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.