„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი „არასწორს“ უწოდებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტის წინ გაკეთებულ შეფასებას, რომ „ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს, რომელ კურსსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს“.
როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ორიენტირებულია ევროინტეგრაციის პროცესის მიზანზე და მხარს უჭერს ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების გზით მოვიდა.
„განცხადება არასწორია. საზოგადოების უმრავლესობა და უდიდესი ნაწილი ორიენტირებულია ევროინტეგრაციის პროცესის მიზანზე. საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების გზით მოვიდა. ამ ხელისუფლების მიერ არის შექმნილი კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ სწორედ ეს მიმართულება არის მთავარი, საჭირო და აუცილებელი განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის.
დავეთანხმები იმას, რომ არსებობს კიდევ მეორე ძალა - რადიკალური ოპოზიციის ხაზით, რომელიც ცდილობს ამ გზიდან აგვაცილოს და საომარ მოქმედებებში ჩართულობის რეჟიმში გადაგვიყვანოს. ეს არის ფაქტი. თუ ამ ფაქტს სიღრმისეულად შევაფასებთ და ანალიზს გავუკეთებთ, მივხვდებით, სად არის სიმართლე განცხადებებში და სად - სიცრუე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ინფორმაციისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოში ვიზიტამდე განაცხადა, რომ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა და გასული კვირების განმავლობაში ქართველმა ხალხმა თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშები ააფრიალა პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.
„გასული კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა გარკვევით განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, რომელ კურსსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან“, - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.