არ არსებობს არავითარი საზღვრები, არსებობს ერთადერთი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრები და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის - ჩვენთვის მთავარია ჩვენი პოლიტიკის თანმიმდევრულობა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც არ გადაიხედება.
„არ არსებობს არავითარი საზღვრები, არსებობს ერთადერთი საქართველოს სახელმწიფო საზღვრები და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, არაღიარების პოლიტიკას და ამ პოლიტიკაში საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ეფექტური და იქნება ეფექტური, ეს პოლიტიკა რა თქმა უნდა, არ გადაიხედება. ჩვენთვის მთავარია ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი პოლიტიკის თანმიმდევრულობა, გპირდებით, ჩვენი პოლიტიკა იქნება თანმიმდევრული“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე ასევე გამოეხმაურა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხს და აღნიშნა, რომ ეს არ არის "მათი საქმე" და თუ ფრენები აღდგება, ეს იქნება კარგი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
"რაც შეეხება ფრენების შესაძლო აღდგენას, ჩვენი პოზიცია არის ცხადი - ეს არ არის ჩვენი საქმე, ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. თავის დროზე სანქცია დაუწესა რუსეთმა საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს, თუ ამ სანქციას ისინი მოუხსნიან საქართველოს მოქალაქეებს, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ გაუადვილდებათ მიმოსვლა. ეს იყო თავის დროზე ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება და ახლაც იქნება ცალმხრივი", - განაცხადა კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ მოსკოვის პრინციპული პოზიცია აცნობა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვალდებულება, გადაჭრას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი ამოცანის - სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამიერკავკასიის რეგიონში, რასაც „მოსკოვი ხედავს საქართველოს მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებით“, ასევე ქართულ-აფხაზური და საქართველო-სამხრეთ ოსეთის „საზღვრების“ დელიმიტაციის პროცესის დაწყებით, მათი შემდგომი დემარკაციის გზით.