ადასტურებთ თუ არა, რომ შეიტანეთ განაცხადი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში და ხდება თუ არა ზეწოლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად თქვენი კანდიდატურის წარდგენის თაობაზე? - ამ კითხვით პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც მას “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნულ ბანკში "კლანური გადატრიალება ხდება", რადგან ეროვნული ბანკის საბჭოში უკვე არიან მთავრობის ყოფილი წარმომადგენლები, რომლებიც ივანიშვილისადმი მორჩილებით გამოირჩევიან.
„თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელმაც პარლამენტში კატაკლიზმები გამოიწვია, რომლის გამოც “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილება მოხდა, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რომლის შესახებაც სავალუტო ფონდმა თქვა, რომ წლების ნაშენებ სისტემას ანგრევთ.
ადასტურებთ თუ არა იმ ფაქტს, რომ ეს ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც თქვენი კანდიდატურა პრემიერ- მინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა და სალომე ზურაბიშვილმა თქვენს კანდიდატურაზე უარი თქვა.
ამ ამბებს კიდევ უფრო მეტი რამ მოჰყვა. სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით და გამოაცხადა კონკურსი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე.
ადასტურებთ თუ არა, რომ შეიტანეთ განაცხადი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში და ხდება თუ არა ზეწოლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად თქვენი კანდიდატურის წარდგენის თაობაზე?“, - მიმართა ლაშა ხუციშვილს რომან გოცირიძემ.