ევროპის ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი დიპლომატის - ანალენა ბერბოკის ვიზიტი ნიშნავს, ჩვენი მოქალაქეებისადმი მხარდაჭერის გამოცხადებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რითაც ის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის ვიზიტს საქართველოში გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ანალენა ბერბოკთან შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი დაესწრება.
„ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენი ევროპული და დასავლელი პარტნიორები ხედავენ ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების ბრძოლას და ურყევ ნებას საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, ამიტომ ევროპის ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი დიპლომატის - ანალენა ბერბოკის ვიზიტი ნიშნავს, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისადმი მხარდაჭერის გამოცხადებას. ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას და იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. კარგია, რომ ბერბოკი სახელმწიფო სტრუქტურის მაღალჩინოსნებთან ერთად ხვდება ასევე, სტუდენტებსა და ოპოზიციურ ლიდერებს, შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი დაესწრება.
შეხვედრაზე საუბარი იქნება: პუტინის პირად პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე, პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიაზე, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასა და ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.