ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძე საკუთარი განცხადებებით, ქვეყანაში შუღლს აღვივებს

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძე საკუთარი განცხადებებით, ქვეყანაში შუღლს აღვივებს.

ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც ტარიელ ნაკაიძეზე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურნენ.

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, ეს კამპანია მიმართულია ქართველი მუსლიმების წინააღმდეგ.

„ტარიელ ნაკაიძე, ძალიან საამაყო პოლიტიკოსობამდე, წარსულში ემსახურებოდა ადამიანის უფლებებს, რელიგიური უმცირესობებს, ქართველი მუსლიმების დაცვას ქვეყანაში. ასეთი ტიპის განცხადებები, რაც კობახიძისგან მოვისმინეთ პირდაპირ შუღლის გაღვივებისკენ არის მიმართული და ემსახურება იმას, რომ ყველა იმ ადამიანის დისკრედიტირება მოახდინონ, ვინც სხვადასხვა უმცირესობების უფლებებს იცავს, ზოგადად, ადამიანის უფლებებს და ადამიანს ემსახურება, პირველ რიგში. ეს არის დამაზიანებელი და მინდა გავაფრთხილო კობახიძე, სანამ ასეთი ტიპის განცხადებებს გააკეთებს, კარგად დაფიქრდეს, რა არის მისი მიზანი და რას ემსახურება, როცა ადამიანების „გაშავების“ კამპანიას იწყებს, შუღლს აღვივებს და საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანაში სხვადასხვა უმცირესობებს, კონკრეტულ შემთხვევაში ეს კამპანია არის ქართველი მუსლიმების წინააღმდეგ, რაც ძალიან სახიფათოა“, - განაცხადა სამნიძემ.

თეონა აქუბარდია კი აცხადებს, რომ სუს-ის ანგარიშებში შუღლის გაღვივება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობად არის შეფასებული და კობახიძეს მოუწოდებს, დაფიქრდეს სანამ რაიმეს იტყვის.

„კობახიძე, მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში შემოვიდა, ანგრევს როგორც საკუთარ, ისე ქვეყნის რეპუტაციას, საუბრობს ჩვენი კოლეგის რეპუტაციაზე იმ ფორმით, რაც არის საფრთხის შემცველი ქვეყნისთვის. ასეთი ტიპის განცხადებებით უპირისპირდება არა მხოლოდ ერთ დეპუტატს, არამედ აღვივებს შუღლს. სუს-ის ანგარიშებში ამ ტიპის შუღლის გაღვივება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობად არის შეფასებული. მოვუწოდებ მას და „ქართული ოცნების" პოლიტიკურ ლიდერებს, სანამ რაიმეს იტყვიან, კარგად დაფიქრდნენ“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე გუშინ მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ტარიელ ნაკაიძეს აქვს მძიმე რეპუტაცია“ და როცა კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, მის მიმართ „ხავერდოვანი დამოკიდებულება“ რომ ვერ ექნებათ, მისთვის ეს გასაგებია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ დეპუტატები მის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს "აგენტებს" ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა