ზეწოლას ბოლომდე ვერ გაუძლეს, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფაქტს, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატის, მათ შორის ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და გიორგი ხელაშვილის მანდატების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით, აღნიშნულ დეპუტატებს ისეთ თანამდებობებზე დანიშნავენ, სადაც სრული კონტროლის ქვეშ იქნებიან, ხოლო პარლამენტს უფრო მორჩილი ადამიანებით დააკომპლექტებენ.
„ის, რომ პარლამენტიდან მიდიან, ეს ნიშნავს, რომ მათ ნაცვლად შემოვლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ვიდრე რაღაც ტიპის პროტესტს მოახერხებენ, მანამდე ეს პარლამენტი თავის უფლებამოსილებას დაამთავრებს. რა თქმა უნდა, მმართველი პარტიისთვის ახლა უმჯობესია, ვინც პროტესტი დაუფიქსირა, გავიდნენ საკანონმდებლო ორგანოდან და გადაინაცვლონ სადღაც აღმასრულებელ სტრუქტურებში, სადაც სრული კონტროლის ქვეშ იქნებიან. რა პოლიტიკური აქტიურობა უნდა განახორციელო, როცა ხარ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი? ამიტომ ამით მათი პოლიტიკურად განეიტრალება სრულიად ხდება. აქეთ კიდევ რაიმე ტიპის ზარალი არ არის, პირიქით, სრულიად მორჩილი ადამიანებით შეგიძლია დააკომპლექტო პარლამენტი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.