პარლამენტში ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში, 24 მარტს, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილსაც მოუსმენენ.

დარჩიაშვილის მოსმენა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჯერ კიდევ სექტემბერში მოითხოვეს და მინისტრს საინტერპელაციო კითხვები გაუგზავნეს, თუმცა პარლამენტში ინტერპელაციის წესით დარჩიაშვილის მისვლა რამდენჯერმე გადაიდო.

საგარეო საქმეთა მინისტრთან კითხვები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით გაგზავნა:

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს აგრძელებს. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღას ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ, მიმდინარე წლის ივლისში ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 19 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ე.წ. შეთანხმებას ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების შესახებ, რომლის პროექტის თანახმად, 49 წლით 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ეს ფაქტი ანექსიის ფორმად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა. საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატების ნაწილმა პრეზიდენტის განცხადების გაკეთებამდე მოვითხოვეთ აღნიშნული ე.წ. შეთანხმების, როგორც მორიგი ანექსიის ფაქტად შეფასება, ისევე როგორც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან შესაბამისი კომუნიკაცია მისი დაგმობის მიზნით, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დღემდე არც ერთი საჯარო განცხადება არ გაკეთებულა, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს დეოკუპაციის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესთან და 2021 წლის2 აგვისტოს მიღებული პარლამენტის რეზოლუციასთან “დეოკუპაციის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მიმართებაში.“

შესაბამისად, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია ბიჭვინთის ანექსიის საკითხზე, ისევე როგორც განგვიმარტოთ, თუ რით ხსნით თქვენი უწყების დუმილს ამ საკითხთან დაკავშირებით, გქონიათ თუ არა ჩვენი დასავლელ პარტნიორებთან აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი კომუნიკაცია, თუ კი რა იყო თხოვნა მათი მისამართით და თუ არ რატომ? ამასთან, გთხოვთ განგვიმარტოთ, თუ რა პოზიცია გაქვთ და რა ღონისძიებებს მიმართავს თქვენი უწყება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის რუსეთისათვის შესაძლო გადაცემაზეც მიმდინარეობს საუბარი? გქონდათ თუ არა შესაბამისი კომუნიკაცია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია იკაო-სთან ამ შემთხვევაში რუსეთის იკაო-დან გარიცხვის მოთხოვნასთან დაკავშირებით?

ჩვენს რეგიონში ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს აქვთ მცდელობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რომელზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა გაიხსნას სატრანსპორტო კორიდორები. ამის საპირისპიროდ რუსეთის ფედერაცია ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩართვას სატრანსპორტო კორიდორებში თურქეთთან და სომხეთთან.

ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია რას აკეთებს თქვენი უწყება საქართველოს როლის წარმოჩინებისთვის ამ ახალ რეალობაში სატრანსპორტო კორიდორების კუთხით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან, ისევე როგორც ჩვენს მეზობლებთან? რა ხედვა არის ამ მიმართულებით და სტრატეგია, როგორ უპირისპირდებით რუსეთის ზემოთაღნიშნულ მცდელობებს?

მას შემდეგ, რაც საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მმართველი პარტიის არაერთი წარმომადგენელი ამ ფაქტს ხსნიდა რუსეთთან ომში არ ჩართვით, ისევე როგორც აცხადებდა, რომ დასავლეთს სურდა საქართველოს ომში ჩართვა. რიგი „ქართული ოცნების“ თუ მისგან ფორმალურად გასული დეპუტატები ღიად ესხმოდნენ თავს საქართველოში აშშ-ს ელჩს, რაც ელჩმა რუსული ტიპის დეზინფორმაციად და ანტიდასავლურ კამპანიის ნაწილად შეაფასა.

გთხოვთ მოგვაწოდოთ უწყების პოზიცია საქართველოში გაძლიერებული ანტიდასავლური კამპანიის შესახებ. 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის თანახმად, მთავრობის ამოცანაა “საქართველოს მოსახლეობაზე მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის პრევენცია და შემცირება“. ამისთვის კი სტრატეგიის თანახმად უნდა მიმდინარეობდეს საინფორმაციო გარემოს მონიტორინგი და ანალიზი, გამოვლენილ იქნას დეზინფორმაციის ფაქტები და დაიგეგმოს შესაბამისი საპასუხო ღონისძიებები. გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ ახორციელებს სტრატეგიით ზემოთაღნიშნულ ამოცანას თქვენი უწყება, და რა არის თქვენი, როგორც უწყების ხელმძღვანელის პოზიცია.

ასევე, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია: რა ვიზიტები განახორციელეთ და რა სამუშაო გასწია თქვენმა უწყებამ მიმდინარე წლის 23 ივნისიდან დღემდე ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მისაღებად.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთებიდან ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების დღემდე, ევროკავშირის რომელ ქვეყნებში გქონდათ ვიზიტები და რა სამუშაოები გასწია თქვენმა უწყებამ - ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომის შედეგებზე საქართველოსთვის განსაკუთრებით დემოკრატიული რეფორმების ნაწილში.

ასევე, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტისას დახურულ კარს მიღმა შეხვედრების და პოზიციების შესახებ ჩვენი ევროპელი პარტნიორების საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსახორციელებელი წინაპირობების და ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრთან გაგზავნილ საინტერპელაციო კითხვებს ხელს აწერენ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ტარიელ ნაკაიძე, ანა ნაცვლიშვილი, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ხათუნა სამნიძე და დავით ბაქრაძე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა