„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გაღარიბება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ეს აისახება მათ პოლიტიკურ-ინტელექტუალურ რეზერვზე და ელექტორალურ შესაძლებლობებზე, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხატია დეკანოიძის განცხადება „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე, არ გაკვირვებია.
„ეს არ იყო გასაკვირი, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა შიდაპარტიული ინტრიგა წამოიწყეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილი, კერძოდ, გოცირიძე, მათ შორის, დეკანოიძეც ამის წინააღმდეგი იყვნენ. როცა შედეგი დადგა ხაბეიშვილის არჩევასთან დაკავშირებით, ამ რეალობის ფორმალიზება მოხდა. ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გაღარიბება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და ეს აისახება როგორც მათ პოლიტიკურ-ინტელექტუალურ რეზერვზე, ისე მათ ელექტორალურ შესაძლებლობებზეც,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „თანამშრომლობა დასრულდება“.
„ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ეს თანამშრომლობა დასრულდება. ვერ გეტყვით, დროს და მომენტს“ , - განაცხადა დეკანოიძემ და დასძინა, რომ „ალბათ, ეს ლოგიკურია".