პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენა დაიწყო

პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენა დაიწყო. მთავრობის თავმჯდომარეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოუსმენენ.

პარლამენტის წევრების: - თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, ანა ბუჩუკურის, თამარ კორძაიას, მიხეილ დაუშვილის, ბექა ლილუაშვილის, შალვა კერესელიძის და არმაზ ახვლედიანის ხელმოწერით საინტერპელაციო კითხვები პრემიერ-მინისტრს ჯერ კიდევ იანვარში გაეგზავნა.

ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში საუბარია იმაზე, რომ კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა თუ ნატოსთან აღებული ვალდებულებების მიუხედავად, დღემდე არ არის განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტები: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და ეროვნული თავდაცვის სტრატეგია. იმავდროულად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დამგეგმავი და მაკოორდინირებელი ორგანოს - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში არ ხდება კანონით გათვალისწინებული საკითხების რეგულარული განხილვები, რაც პრემიერ მინისტრის უშუალო პასუხისმგებლობაა.

ოპოზიციონერი დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით მიმართავენ და მისგან პასუხს შემდეგ კითხვებზე ითხოვენ:

რატომ არ ხდება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტების განახლება? რატომ არ იკრიბება უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციისთვის კანონით დადგენილ სამ თვეში ერთხელ მაინც? რამდენადაც სტრატეგიულ დონეზე დოკუმენტები არ გაგვაჩნია, გვიპასუხეთ გაიზარდა თუ არა ქვეყნის საფრთხეები და გამოწვევები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე და რას უპირისპირებს ამ საფრთხეებს თქვენი მთავრობა ან როგორ იყენებს შესაძლებლობებს იქნება ეს ჩვენს რეგიონში, თუ ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის კუთხით?

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდგომ, კერძოდ კი 2016 წლიდან მოყოლებული ეროვნული მედეგობის გაძლიერებაში, ისევე როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში ნატო და ევროკავშირი აქტიურ ძალისხმევას უწევენ საქართველოს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანმა ომმა კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა ამ საკითხებზე აქტიური მუშაობის საჭიროება. გთხოვთ განგვიმარტოთ, სადაა საქართველო ამ კუთხით, რა ნაბიჯები გადაიდგა თქვენი პრემიერობის პირობებში ეროვნული მედეგობის გასაზრდელად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად?

საქართველოს თავდაცვის პოლიტიკას ორი ამოცანა გააჩნია: შეკავება და თავდაცვა. უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, როგორ აფასებთ საქართველოს თავდაცვის ამ ორი ამოცანის შესრულების რეალურ მდგომარეობას? რატომ არის ქართული ოცნების მმართველობის ათი წლის თავზე გაზრდილი საფრთხეების და გამოწვევების ფონზე თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებაში რადიკალურად შემცირებული (1.6% 2023წ)?

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიიდან ერთი წლის თავზე რა მოიმოქმედეთ, რათა დასავლელ პარტნიორებთან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, სხვა სტრატეგიული პარტნიორებთან და ნატო, ევროკავშირთან) მჭიდრო კოორდინაციით საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება მომხდარიყო?

როდის აპირებთ საქართველოს პარლამენტის №07-3/99, 21.07.2021 რეზოლუციით მოწოდებული დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვის შემუშავებას, ისევე როგორც ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებას?

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა