„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქვეყანაში ვიზიტით მყოფ გერმანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის სხვა ლიდერები საქართველოში უმეტესად იმის გამო ჩამოდიან, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ნეგატივს ხედავენ და სურთ, სიტუაცია გამოასწორონ.
„სამწუხაროდ, ნეგატივის გამო ჩამოდის ეს ხალხი, იმის გამო, რომ სიტუაცია გადაარჩინონ. მთელ ამ ისტორიაში პოზიტივი ის არის, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს უნდა დასავლური ინტეგრაცია, არ უნდა რუსეთთან ერთად იცხოვრონ. ეს არის პოზიტივი, რის გამოც ჩამოდიან, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი არის ნეგატივი. ბერბოკის განცხადებამ კალაძისა და მთელი მმართველი პარტიის რისხვა დაიმსახურა. კალაძე თავის ნააზრევს ხომ არ იტყვის საგარეო ამბებზე?! არ მგონია, ასეთი თავისუფლება ჰქონდეს. ბერბოკს შეურაცხყოფა მიაყენეს, ეს კოლექტიური დაშვებაა ამ შემთხვევაში. ეს ხალხი სწორედ იმის გამო ჩამოდის, რომ ეს სიტუაცია გადაარჩინოს“, - განაცხადა წერეთელმა.
მისი შეფასებით, ანტიდასავლური ნარატივის მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო თბილისის მერის კახა კალაძის შეფასება, რომელმაც ვიზიტამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შესახებ განაცხადა, რომ ის თავის განცხადებით „რეალობას იყო აცდენილი“.
გარდა ამისა, გიგი წერეთელი გამოცემა Spiegel -ის სტატიასაც გამოეხმაურა, სადაც საუბარია იმაზე, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი თბილისში მხოლოდ მეორე მცდელობისას დაჯდა, რადგან ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი სხვა თვითმფრინავს ეკავა.
„ის დრო წავიდა, ხაჭაპურით, საცივით, „ღვინოებით“ და ბრტყელი სადღეგრძელოებით რომ გაანეიტრალებდი ამ ყველაფერს. ეს ევროპაა, ეს გერმანიაა. ასეთ ღრმა კონსპირაციაში ვერ ჩავალ, რომ თვითმფრინავთან დაკავშირებით სპეციალურად მოხდა, მაგრამ თუ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი შეყოვნდა და ვერ დაჯდა, ეს თავისთავად არის გარკვეული ინციდენტი, რომელიც, სამწუხაროდ, მიუთითებს ადგილობრივ მენეჯმენტზე ან რაღაცის მოუგვარებლობაზე. რომელი ნიუ-იორკის აეროპორტია ჩვენი, რომ შხუილ-შხუილით ჯდებოდეს ყოველ წამში თვითმფრინავი. ესეც ნიშანდობლივია. არ ვიცი, სპეციალურად მოეწყო თუა არა. რეპუტაციულად ცუდი ამბავია. წესით, წარმოუდგენელია ასეთი რამ მოხდეს, იმდენად უნდა იყოს ყველაფერი მომზადებული. ეს კიდევ ამ ხელისუფლების უუნარობაზე მიუთითებს“, - განაცხადა წერეთელმა.
ამასთან, ის დღეს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენასაც გამოეხმაურა. როგორც გიგი წერეთელმა განმარტა, არ აქვს მოლოდინი, რომ პრემიერი რიტორიკას შეიცვლის და დღეს საზოგადოება
„დასავლეთზე ორიენტირებული, მშვიდი, გაწონასწორებული და დემოკრატი პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას მოისმენს“.
„არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ შეცვლილი პრემიერის გამოსვლას მოვისმინეთ, რომელმაც შეცდომების მთელი კასკადი დაინახა. დაინახა ვითარების სიმძიმე, დაინახა და მიიღო ჩვენი ახალგაზრდების გზავნილი მარტის მოვლენების დროს. აქამდე ამის ნიშნები არ არსებობდა, პირიქით. არის იქით შეტევა და იქით დადანაშაულება, გალანძღვა. ოპერირების ის მოდელი, რაც მანამდე იყო, რჩება. სწორედ ეს არის ღარიბაშვილის, ამ ტიპის პრემიერ-მინისტრის სახე“, - განაცხადა წერეთელმა.