მეგობრებო, დღეს საფრთხე იმისა, რომ ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ მყოფმა მტრულმა ძალებმა ქვეყანაში გადმოიტანონ ომი, შეეცადონ დესტაბილიზაციას, არსად წასულა და ეს საფრთხე რჩება საფრთხედ!- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ინტერპელაციის წესით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღესაც არსებობენ ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საჭიროა ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით, რომ მოხდეს ერთგვარი დაკომპენსირება და მეტი დროის მიცემა უკრაინისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ძალების აღდგენა და კონტრშეტევა.
„მინდა შეგახსენოთ ყველას ე.წ. თვითმფრინავების საქმე. მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი დაჟინებით მოგვიწოდებდა ჩვენ, ჩემთანაც იყო პირდაპირი საუბრები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც, რომ საქართველოს მთავრობას მიეცა ოფიციალური ნებართვა, მიეღო ჩარტერული თვითმფრინავები უკრაინიდან, რომლებიც წაიყვანდნენ მოხალისეებს და მებრძოლებს უკრაინაში. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღე იყო გასული. გახსოვთ, რომ ძალიან ბევრი ზესახელმწიფოს ლიდერი მოუწოდებდა საკუთარ მოქალაქეებს არ ჩართულიყვნენ ომში და სხვა ფორმით გამოეხატათ მხარდაჭერა. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია და გეგმა, შეთქმულების ნაწილი, რომ მომხდარიყო საქართველოს პროვოცირება. ამით მოხდებოდა რუსეთის პროვოცირება, საქართველოს დააბრალებდნენ, რომ ის უკვე პირდაპირაა ჩართული უკრაინის ომსა და კონფლიქტში, რაც, რა თქმა უნდა, მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. შედეგი და გათვლა იყო ერთი - რამენაირად მომხდარიყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. გახსოვთ, ამის შემდეგ ე.წ მეხუთე კოლონამ და მათმა წარმომადგენლებმა კოორდინირებული, ორკესტრირებული მოქმედება, დემონსტრაციები დაიწყეს, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. რომელი პატრიოტი და ეროვნული ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას, შეცვლას მაშინ, როცა ურთულესი კრიზისია რეგიონში, მითუმეტეს იმ ფრონტზე, როცა ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ? ეს გეგმაც გახსოვთ, რომ ჩაუვარდათ, ჩვენმა მტრებმა წააგეს. დღეს, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა ეს მიდგომა. გეგმა რჩება ისევ გეგმად, არსად წასულა. დღესაც, სამწუხაროდ, არსებობენ ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საჭიროა ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით, რომ მოხდეს ერთგვარი დაკომპენსირება და მეტი დროის მიცემა უკრაინისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ძალების აღდგენა და კონტრშეტევა. ასეთ ადგილად რჩება საქართველო, ასევე რჩება მოლდოვა. ამიტომ მეგობრებო, დღეს საფრთხე იმისა, რომ ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ მყოფმა მტრულმა ძალებმა ქვეყანაში გადმოიტანონ ომი, შეეცადონ დესტაბილიზაციას, არსად წასულა და ეს საფრთხე რჩება საფრთხედ!“- განაცხადა ღარიბაშვილმა.