ჩვენი ოპონენტები თავისი შინაარსით, მოქმედებებით მმართველობის სტილით ანტიევროპული და ანტიეროვნული ძალაა - ხელისუფლებას, რომელიც ადამიანებს აწამებდა, კლავდა, აუპატიურებდა, ბიზნესს ატერორებდა, არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს ევროპულ ინტეგრაციაზე, ეს არის ძალიან დიდი დაცინვა ჩვენი ხალხის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არაფერი გაუკეთებია.
„ამ ადამიანებს არაფერი გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ჩამოვთვალე ჩვენი მიღწევები. ევროპული პერსპექტივა ისტორიული გადაწყვეტილებაა. მანამდე სკეპტიციზმი არსებობდა ევროპულ დედაქალაქებში. ზოგი გეოგრაფიაზე საუბრობდა, ბევრი კრიტიკაზე, რუსულ ოკუპაციას ახსენებდა. ევროპული პერსპექტივის მინიჭებით კი სპეკულაცია და ვარაუდი იმის შესახებ, თუ სად დგას საქართველო, მოიხსნა. ევროპამ ხმამაღლა თქვა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ამ გზაზე შემდეგი ეტაპია კანდიდატის სტატუსი, რომელიც სიმბოლური, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ამ მიმართულებით ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ. დარჩენილია ერთადერთი შესასრულებელი ვალდებულება, რაც პოლარიზაციას უკავშირდება, ეს არის ერთობლივად შესასრულებელი - ხელისუფლების, მთავრობის, პარლამენტის და ოპოზიციის მიერ.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენი ე.წ. ოპონენტები თავისი შინაარსით, მოქმედებებით მმართველობის სტილით ანტიევროპული და ანტიეროვნული ძალაა. თუ გადავხედავთ, რა მოუტანეს ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას, კითხვა არავის რჩება - ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს აწამებდა, კლავდა, აუპატიურებდა, ბიზნესს ატერორებდა, არ იმსახურებს არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს ევროპულ ინტეგრაციაზე, ეს არის ძალიან დიდი დაცინვა ჩვენი ხალხის. ხალხს ეუბნებიან, რომ არადემოკრატიული მეთოდებით გმართავდეთ, გაწამებდით, მაგრამ დღეს ევროპულ ინტეგრაციაზე უნდა გესაუბროთო“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმიცემა უსამართლო გადაწყვეტილება იყო.
„ე.წ. კანდიდატის სტატუსის არმიცემა - ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან, თუ მათი მიდგომა დამსახურებაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებაა, საქართველო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. არავის ვედრებით, მაგრამ ინფორმაცია საჯაროა და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო ბევრად -2-3-ჯერ უსწრებს წინ უკრაინასაც და მოლდოვასაც ყველა მიმართულებით, იქნება ეს რეფორმები, მიღწევები, გამჭვირვალობა, კანონმდებლობა და ა.შ. ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული, ექსტრემისტული ძალების შიდა ე.წ. მეხუთე კოლონის და მათი მოკავშირე გარე ძალების გათვლა, ამოცანა იყო ხელისუფლების შეცვლა და ე.წ. რევოლუციის მოწყობა“, - განაცხადა პრემიერმა.