მნიშვნელოვანია სასამართლო სამართალწარმოება, ბუნებრივია, დაუშვებელია ამაში ჩარევა, ზეწოლა. ეს არის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, განურჩევლად იმისა, რამდენი ფული აქვს, რამდენად ცნობადი სახეა ან ვინ არის საერთოდ, ის უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე,- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასე უპასუხა კითხვას, რომელიც „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობას და კრიტიკულ მედიაზე განხორციელებულ ზეწოლას ეხებოდა.
ამასთან, გერმანიის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მედიისა და პრესის თავისუფლება ევროკავშირის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია.
„რაც შეეხება მედიისა და პრესის თავისუფლებას, ეს არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი, ამიტომ 12 პრიორიტეტი ამას ითვალისწინებს - პრესისა და მედიის თავისუფლებას, მათ შორის, კორუფციის დაძლევას და კანონის უზენაესობას. ერთი მხრივ, ყველა მტკიცებულება უნდა გადამოწმდეს, სადაც გარკვეული შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს, მაგალითად, პრესის თავისუფლება, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია სასამართლო სამართალწარმოება, ბუნებრივია, დაუშვებელია ამაში ჩარევა, ზეწოლა. ეს არის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა განურჩევლად იმისა, რამდენი ფული აქვს, რამდენად ცნობადი სახეა ან ვინ არის საერთო, ის უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. რაც შეეხება 12 პრიორიტეტულ პუნქტს, ეს 12 საკითხი რჩება დღის წესრიგში, ჩვენ ამას ხაზი გავუსვით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. არა მხოლოდ შავი და თეთრი უნდა დავინახოთ, არამედ ყველა ფაქტი კონტექსტურად უნდა იქნას განხილული სიტყვის, პრესის თავისუფლების გადმოსახედიდან, კანონის უზენაესობის გადმოსახედიდან, ასევე, ადამიანის უფლებების გადმოსახედიდან და ძალიან ღიად, გახსნილად, გამჭვირვალედ უნდა მოხდეს ყველაფერზე მსჯელობა“,- განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
ამასთან, როგორც პრესკონფერენციის მიმდინარეობისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, მედია ყველაზე თავისუფალი სწორედ არსებული ხელისუფლების პირობებშია.
„საქართველოში მედიათავისუფლება რომ დავინახოთ და შევაფასოთ, ეს შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალითაც. ძალიან ბევრი კრიტიკული მედია არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ სწორედ დღეს საქართველოში ყველაზე თავისუფალია მედია ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა მოიტანა ამ ხელისუფლებამ - ერთ-ერთი არის მედია თავისუფლება და ზოგადად, საინფორმაციო ბადესაც ეტყობა, რომ დღეს კრიტიკული მედია არსებობს ქვეყანაში, კრიტიკული მედია ფუნქციონირებს ამ ქვეყანაში და ეს არის დემოკრატიული განვითარების ნაწილი. რაც შეეხება კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევებს, სასამართლოში სისხლის სამართლის მიმდინარე საკითხებს, მე ვფიქრობ, რომ არანაირი კავშირი არ აქვს მედიათავისუფლებასთან. მედიათავისუფლება კიდევ უფრო გაძლიერდება, ეს ერთ-ერთი ნაწილია 12 პუნქტის, რომელსაც ძალიან მყარად ვასრულებთ და ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად შეასრულებს 12 პუნქტს, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სტატუსს და საქართველო მალე გახდება ღირსეული ევროპის ოჯახის წევრი,- განაცხადა დარჩიაშვილმა.