პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, მმართველი ძალა ბოდიშს უნდა იხდიდეს, რადგან უკრაინელების სისხლისა და ქართველი ხალხის ბრძოლის ფასად, გერმანიამაც კი გაიაზრა, რომ საქართველო ევროკავშირში ყოფნას იმსახურებს.
როგორც არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არ აქვს იმის ილუზია, რომ დღევანდელ მმართველს სურს, საქართველო ევროპის ნაწილი იყოს.
„მე მეჩვენება, რომ ის დუღილის ტემპერატურა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ სივრცეშია, განმაპირობებელია იმისა, რომ ქვეყანაში თვისობრივად ახალი პოლიტიკა იბადება, რომელიც წარსულს ემიჯნება. ხელისუფლებას მაშინ შეუძლია ჰქონდეს მთავრობაში მეორე და მესამე ვადით ყოფნის პრეტენზია, თუ მას სხვებისა და საკუთარი შეცდომების გათვალისწინების უნარი აქვს.
მე არავითარი ილუზია აღარ გამაჩნია, რომ დღევანდელ მმართველს სურს, საქართველო ევროპის ნაწილი იყოს. ამის მიუხედავად მაინც მეგონა, რომ პრემიერი თავის გამოსვლაში ერთ წინადადებას მაინც იტყოდა, როგორ ხედავს ამ უკიდურესად დაძაბულ გარემოში, შერიგებისა და თანხმობის გზას. ჩვენ კვლავ მძიმე და საშინელი სიტყვები გვესმოდა - მოღალატე, მტერი, სიძულვილი.
მმართველი ძალა ბოდიშს უნდა იხდიდეს, რადგან უკრაინელების სისხლისა და ქართველი ხალხის ბრძოლის ფასად, გერმანიამაც კი გაიაზრა, რომ საქართველო ევროკავშირში ყოფნას იმსახურებს. თქვენ არ გაქვთ უფლება, საქართველო რუსულ ორბიტაზე დარჩეს.
მესმის, რომ თქვენ ერთადერთი ამოცანა გაქვთ, რომ ყველა გზით შეინარჩუნოთ ძალაუფლება და 2024 წლის არჩევნებზე ყველა ჩაწიხლოთ. ეს იმისთვის, რომ აქ, ამ პარლამენტში იჯდეს არა რეალური ოპოზიცია, არამედ მხოლოდ ფორმალური“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.