ისტორიის ეთიკა იქნება, როდესაც საკუთარი შვილები, შვილიშვილები დასხდებიან და მოგთხოვენ პასუხს, რას და რატომ აფუჭებდით ამ ქვეყნის გასაბჭოებისთვის, რატომ შემოგქონდათ „აგენტების კანონი“, რატომ უფორმებდით ამ სახელმწიფოს რუსეთს, რატომ აფორმებდით ქვეყნის დემოკრატიის დასასრულს თქვენივე ხელით - დიახ, თქვენ აირჩიეთ არა მაყაშვილის მხარეს დგომა, არამედ ყორღანაშვილის მხარეს დგომა, შეგერგოთ!- ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პარლამენტში ე.წ. ინტერპელაციის წესით იმყოფება.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქართველოს საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე არის „რუსული ოცნება“ ხელისუფლებაში.
„ჩვენ შეკითხვებს ვსვამდით და გესაუბრებოდით სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და პასუხები იყო საკუთარი სკამის უსაფრთხოებაზე. ეს არის პრიორიტეტები. სახელმწიფოზე საუბარიც კი არ შეგიძლიათ. მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების უსაფრთხოებაზე შეგიძლიათ ბურდღუნი. კი, საქართველოს საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე ხართ თქვენ, რუსული ოცნება ხელისუფლებაში, მაგრამ ქართველმა ხალხმა ეს ნიღაბი ჩამოგხსნათ, რომელსაც სახელდახელოდ იკეთებდით აქ, როცა მათ შორის, არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა გამოვიდა, ეს ნიღაბი სახიდან ჩამოგხიათ, ხელები გადაგიგრიხათ და უკან კუდამოძუებული გაგიშვათ. ეს ადამიანები ამას გააკეთებენ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება ქვეყნის დაცვა „გარუსების“ წინააღმდეგ,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს უსაფრთხოების გარანტი თავად საქართველოს მოქალაქეები არიან.
„ვინ უნდა დააჯეროთ,რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, პარლამენტში ვერ შემოსულხართ მთელი უსაფრთხოების სამსახურით რომ არ იყოს აქაურობა გარშემორტყმული და თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოში დაცვით დადიან. რა უსაფრთხოების გარანტი ხართ თქვენ, ამ ქვეყნის?! ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არიან მისი მოქალაქეები, რომლებმაც დაიცვეს ამ ქვეყნის კონსტიტუცია,ისტორია, წარსული და მომავალი რუსთაველზე. ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია არის დასავლეთი, რომელსაც თქვენ უპირებდით, რკინის ფარდით მოგეხდინათ ამ ქვეყნიდან მისი იზოლაცია. ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არის ამ ქვეყნის ისტორიის ცოდნა, რომელიც ინახავს ძალიან ბევრ სახელს და ეს ისტორია ინახავს ისეთი ადამიანების სახელს, როგორიც იყო მარო მაყაშვილი, მაგრამ ასევე ინახავს ისეთების სახელებს და გვარებს,როგორიც იყო ყორღანაშვილი და თქვენი ადგილი იქნება ყორღანაშვილების გვერდით. ეს უკვე გარანტირებული გაქვთ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია! კი, ამ ქვეყნად არსებობს სამართლიანობა და ისტორიის ეთიკა, რომელსაც ვერ გაექცევით და ამ ისტორიის ეთიკა იქნება, როდესაც საკუთარი შვილები, შვილიშვილები დასხდებიან და მოგთხოვენ პასუხს იმაზე, რას, რატომ აფუჭებდით ამ ქვეყნის გასაბჭოებისთვის, რატომ შემოგქონდათ „აგენტების კანონი“, რატომ უფორმებდით ამ სახელმწიფოს რუსეთს, რატომ აფორმებდით ქვეყნის დემოკრატიის დასასრულს თქვენივე ხელით. აი, ამ კითხვებზე ისტორიის წინაშე კი არა, საკუთარი შვილების უკვე დღეს არ გაქვთ პასუხი. დიახ, თქვენ აირჩიეთ არა მაყაშვილის მხარეს დგომა, არამედ ყორღანაშვილის მხარეს დგომა, შეგერგოთ! ისტორია მოგიჩენთ საკუთარ ადგილს. მანამდე ხალხმა უკვე მოგიჩინათ ეს ადგილი და ის ხალხი გააგრძელებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ძალიან მედგრად და თამამად დაცვას,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.