პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის პოზიცია საკმაოდ მაღალი თანამდებობაა - სიიდან ვინ გადაწყვეტს მათ ადგილმონაცვლეობას, ვერ გეტყვით, შეიძლება ვინმეს არც ჰქონდეს სურვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა სერგეენკოს პარლამენტში დარჩენა იმ ფაქტს, რომ მანდატის დატოვების შემთხვევაში საბურთალოზე არჩევნების ჩატარება ხდებოდა საჭირო, კახიანი პასუხობს, რომ მსგავსი საკითხები ურთიერთშეთანხმებით ხდება და „ქართული ოცნება“ არავის არაფერს აიძულებს.
„თითოეული გადაწყვეტილება, რაც საკადრო საკითხებს უკავშირდება, არის პირველ რიგში თვითონ მათი პოზიციებიდან გამომდინარე. „ქართული ოცნება“ არ არის ის გუნდი, რომელიც თავის წევრებს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს. ეს ასე არ არის, ურთიერთშეთანხმებით ხდება ყველაფერი და მათი ინტერესების გათვალისწინებით. ჩამოქვეითებაზე საუბარი არასერიოზულია. რატომღაც მრჩევლის პოზიციას არასერიოზულად უყურებთ. პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის პოზიცია საკმაოდ მაღალი თანამდებობაა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. დღეს შეიძლება იყო ერთ ადგილას და სხვადასხვა პოზიციებიდან გამომდინარე შეიძლება გადაწყვიტო სხვაგან გადასვლა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ჩაანაცვლებს მათ, ვინც მანდატი დატოვეს, კონკრეტულად ვერ გეტყვით, მარტივად სია შეიძლება ნახოთ, მაგრამ სიიდან ვინ გადაწყვეტს ადგილმონაცვლეობას, შეიძლება ვინმეს არც ჰქონდეს სურვილი, ვერ გეტყვით,“ - განაცხადა კახიანმა.