ვნახეთ მცდელობები, რომ მომხდარიყო შეჭრა პარლამენტის შენობაში. მინდა, კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან მადლობა გადავუხადო ჩვენს საპოლიციო ძალებს, მთელს პოლიციას, ყველას. ხელისუფლებამ გამოაჩინა ძალიან დიდი სიმტკიცე, სიძლიერეც და გონიერებაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მისივე თქმით, ის, რაც მოხდა 7-8 მარტს, არის აბსოლუტურად მიუღებელი.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე.
„ჩვენ ვნახეთ მცდელობები, რომ მომხდარიყო შეჭრა პარლამენტის შენობაში. მინდა, კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან მადლობა გადავუხადო ჩვენს საპოლიციო ძალებს, მთელს პოლიციას, ყველას. ხელისუფლებამ გამოაჩინა ძალიან დიდი სიმტკიცე, სიძლიერეც და გონიერებაც.
კანონს რაც შეეხება, ყველამ კარგად ვნახეთ, რომ კანონის გაწვევიდან რამდენიმე დღეში დაიწყეს აქტიური საუბარი ევროპარლამენტში, რომ მოხდეს ინიცირება ანალოგიური კანონის, კანონპროექტის, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ლობისტების საქმიანობას ევროკავშირისთვის და რომელიც იქნება სავალდებულო მთელი ევროპისთვის. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ კანონის გაწვევიდან ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, კანადამ დაიწყო იგივე პროცესი და ა.შ.
ბოლოს მინდა ვთქვა, ჩვენ, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტს ჰქონდა გაცხადებული, რომ პირველი მოსმენის შემდეგ ამ კანონპროექტს აგზავნიდა და გააგზავნეს ვენეციის კომისიაში, თუ რამე შესწორება იქნებოდა შეტანილი, რა თქმა უნდა, ამ შესწორებებს გავითვალისწინებდით, ამის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ პირდაპირი მცდელობა დესტაბილიზაციის, რაც, რა თქმა უნდა, ისევ უკავშირდება ჩვენი დესტრუქციული, ექსტრემისტული ძალების ამოცანებს და მათ მიზნებს“, - განაცხადა პრემიერმა.