ხათუნა სამნიძე პრემიერს - უნდა ჩამოყალიბდეთ ვინ ვართ, თურქეთის აგენტი, თუ „მეხუთე კოლონა“?! -  სამწუხაროა, როდესაც პირად შეურაცხყოფაზე გადადიხართ და არ გვესაუბრებით იმ საკითხებზე, რაზეც კითხვა დაგისვით

უნდა ჩამოყალიბდეთ, ვინ ვართ, თურქეთის აგენტი, თუ „მეხუთე კოლონა“ იმიტომ, რომ რამდენიმე დღეა ოპოზიციის მიმართ ასეთი ეპითეტები ისმის და გვჭირდება, რომ ჩამოყალიბდეთ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პირად შეურაცხყოფაზე გადადიხართ და არ გვესაუბრებით იმ საკითხებზე, რაზეც კითხვა დაგისვით, - ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, სადაც პრემიერი ე.წ. ინტერპელაციის წესით იმყოფება.

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა ღარიბაშვილიც შეუერთდა ე.წ. განდეგილებს, საუბრობს „აგენტების შესახებ“ კანონის სულისკვეთებით და ქვეყნის გადარჩენას ასეთ თავდასხმებში ხედავს.

„თქვენი გამოსვლა დაიწყეთ ფრაზით „ჩვენ ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ“. რას ნიშნავს ქვეყნის გადარჩენა? იმას, რასაც თქვენი-ერთ ერთი ლიდერი ამბობს, რომ თურმე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რეალობას არის აცდენილი? იმას, რომ მთელი უკრაინის გვერდზე დგას მთელი ცივილური სამყარო და თქვენ უკრაინის მთავრობას უწოდებთ „მეხუთე კოლონას“? ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა? საუბრობთ იმაზე, რომ დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს და მთელ ოპოზიციას „მეხუთე კოლონას“ გვეძახით. ყველაზე ხშირად გამოყენებული ფრაზა დღეს იყო „მეხუთე კოლონა“, „მეხუთე კოლონა“... თან აცდენილი ხართ უმრავლესობის მთავარ მესიჯბოქსს, რომ ჩვენ ფაშისტები ვართ, ახლა „მეხუთე კოლონაც“ გავხდით, გუშინ თურქეთის აგენტები ვიყავით, მანამდე ჯაშუშები ვიყავით, პირდაპირ გეკითხებით, ეს არის ქვეყნის გადარჩენა? ის არის ქვეყნის გარჩენა, რომ ორი დღის წინ უკან სწორად დაიხიეთ, უკან წაიღეთ რუსული კანონი, ახალგაზრდების პროტესტი შეაფასეთ, როგორც გულწრფელი პროტესტი და დღეს უწოდებთ დესტრუქციას და პარლამენტის შენობაზე თავდასხმას, რაც ოპოზიციის მხრიდანაც ზუსტად ისე შეფასდა, რასაც ჰქონდა ადგილი. ხომ შევთანხმდით, რომ რუსული კანონის გამო ამ ქვეყანაში იყო გულწრფელი პროტესტი, სრულიად თვითორგანიზებით და ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო, რუსული კანონი უკან წაიღო და სწორად მოიქცა, მაგრამ ამის მერე თქვენც შეუერთდით თქვენს უმრავლესობას, ე.წ. განდეგილებს და თქვენც ამ კანონის სულისკვეთებით გვესაუბრებით, რომ ჩვენ ვართ „მეხუთე კოლონა“, აგენტები, ჯაშუშები და ქვეყნის გადარჩენას ამ თავდასხმებში ხედავთ“, - განაცხადა სამნიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დეპოლარიზაციას, ქვეყნის უსაფრთხოებას, პირველ რიგში, სჭირდება დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, გვერდში დგომა და არა პრემიერის მხრიდან ამ ადამიანებზე თავდასხმა, ევროპაზე საუბარი ისე, რომ თითქოს ჩვენი მეგობრები არ არიან.

„ბატონო პრემიერო, ეს უსაფრთხოების გარანტია და ქვეყნის გადარჩენა კი არა, ეს არის ქვეყნის შეტრიალება სხვა მიმართულებით და ამაზე გაფრთხილებაც გააკეთა ქალბატონმა [გერმანიის] საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ეს ქვეყანა, ხალხი იმსახურებს სტატუსს და ეს ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის სტატუსს. ამისთვის საჭიროა არამხოლოდ 12 პუნქტის შესრულება, არამედ პოლიტიკურ პროცესს სწორად წარმართვა, რაც ნიშნავს მკაფიო მესიჯებს, რომ ჩვენ ვართ ცივილური სამყაროს გვერდით, უკრაინის გვერდით, ამ ქვეყნის გადარჩენა და უსაფრთხოება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერაშია ღიად და არა არ ზურგის შექცევა, რასაც, სამწუხაროდ, თქვენ აკეთებთ და ამ ტრიბუნიდანაც ეს გააკეთეთ“,- განაცხადა სამნიძემ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო