საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ 2022 წლის ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა წარადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომიტეტის ორი შეხვედრა როტაციით, ბრიუსელსა და საქართველოში გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის გარდა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრებისას განიხილეს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

„ჩვენი პრიორიტეტია ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ევროკავშირთან სხვადასხვა სექტორებში თანამშრომლობაზე სასაუბროდ. სწორედ ამიტომ ბრიუსელში გამართული სხდომისას, საქართველოს დელეგაციის შეთავაზებით, ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის კუთხით არსებული სიტუაცია, გარემოს დაცვისა და ევროპის „მწვანე შეთანხმებასთან“ დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი ინფორმაციით, სექტემბერში გამართულ სხდომაზე, კომიტეტმა ევროკავშირთან დაკავშირებადობის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის სფეროებში საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობასა და დასაქმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ პოლიტიკაზე, ასევე ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის განვითარებაზე ისაუბრეს.

„სექტემბრის შეხვედრა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის შემდგომ პერიოდში გაიმართა. საქართველოს ამ დროს უკვე მიღებული ჰქონდა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. საქართველოს პარლამენტში დაწყებული იყო ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესი შესაბამისად, ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ამ პროცესზე და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარების მოსაზრებები მოგვესმინა რაც აისახა კიდეც საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის, მარინა კალიურანდის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, სადაც დადებითადაა შეფასებულია საქართველოში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების მხრივ, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის