ყველა, ვინც იყო შეკრებილი ბაკურიანში, იყო უცხოური გავლენის აგენტი. არა იმ კანონის გაგებით, არამედ იმ გაგებით, რა გაგებითაც მე ამას ახლა ვამბობ. რატომ უნდოდათ ამ აგენტებს, ამ ჯაშუშებს ხელისუფლების აყირავება ომის დაწყებიდან ერთ თვეში და რატომ უნდოდათ მეორე ფრონტი, ამაზე საზოგადოებამ ერთხელ კიდევ იმსჯელოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას კიდევ ერთხელ ჰქონდა „ხელისუფლების აყირავების“ მცდელობა, როდესაც პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაც კობახიძის თქმით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით სცენაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ადიოდნენ.
„უკრაინაში ომის დაწყებიდან ძალიან მალევე, ერთი თვეც არ იყო გასული, ბაკურიანში იმართება შეკრება, რომელზეც მსჯელობენ, რა უნდა მოიმოქმედონ მას შემდეგ, რაც საქართველოს არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. გეგმა იყო, კიდევ ერთხელ, ვითარების არევა, ხელისუფლების გადატრიალება. საბოლოო მიზანი ამ შემთხვევაშიც იყო მეორე ფრონტი. მე შეგახსენებთ, რომ ამ შეკრებაში მონაწილეობდნენ პარტიების, რადიკალურ ოპოზიციას ვგულისხმობ, მათი მედიასაშუალებების და მათივე NGO-ების წარმომადგენლები. ყველა მათგანი იყო უცხოური გავლენის აგენტი, ესეც მნიშვნელოვანი მინიშნებაა. რა თქმა უნდა, კანონზე არ მაქვს პირდაპირი გაგებით საუბარი, იმ კანონის მიხედვით, პარტიები ვერ იქნებოდნენ მოხსენიებული უცხოური გავლენის აგენტებად, თუმცა ყველა, ვინც იყო შეკრებილი ბაკურიანში, იყო უცხოური გავლენის აგენტი. არა იმ კანონის გაგებით, არამედ იმ გაგებით, რა გეგმითაც მე ამას ახლა ვამბობ. რატომ უნდოდათ ამ აგენტებს, ამ ჯაშუშებს ხელისუფლების აყირავება ომის დაწყებიდან ერთ თვეში და რატომ უნდოდათ მეორე ფრონტი, ამაზე საზოგადოებამ ერთხელ კიდევ იმსჯელოს. ვისი კარნახით მოქმედებდნენ ისინი? რა თქმა უნდა, ისინი არ მოქმედებდნენ ქართველი ხალხის კარნახით და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების კარნახით“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ამის შემდეგ ქრონოლოგიურად პროცესები ისე განვითარდა, რომ საქართველოს დაუმსახურებლად არ მისცეს კანდიდატის სტატუსი მაშინ, როდესაც საქართველო მოლდოვაზე, ბოსნიასა და უკრაინაზეც წინ იყო კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებით.
„თქვენ გახსოვთ, რომ მოხდა ის, რაც ჰქონდათ გათვლილი ბაკურიანის შეკრების მონაწილეებს და საქართველოს უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს უსამართლობა შემდეგ გამტკიცდა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნით, სადაც პირდაპირ ქულები დაიდო და გაირკვა, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას, წინ უსწრებს ბოსნიას, რომელსაც მოგვიანებით მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, უკრაინაზე არაფერს ვამბობ, უკრაინასთან შედარებაც არ ღირს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეს ქვეყანა. პრაქტიკულად, დადასტურდა, რომ საქართველოს უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ადამიანებმა სცადეს ბაკურიანის გეგმის განხორციელება და ისინი შეიკრიბნენ პარლამენტის წინ იმისთვის, რომ აეყირავებინათ ხელისუფლება და შეგახსენებთ, რომ სცენაზე იდგნენ NGO-ის წარმომადგენლები. რა ესაქმება NGO-ის წარმომადგენლებს, სცენაზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ის ესაქმება, რომ სინამდვილეში ისინი არიან არა NGO-ები, ისინი სინამდვილეში საუბრობენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ ისინი საუბრობენ სხვა რამის სახელით და სხვა ინტერესების კარნახით, რაც ძალიან მძიმეა“, - განაცხადა კობახიძემ.