გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ გაუსვა ხაზი რეფორმების სრულად შესრულებას - ვთანხმდებით, რომ რაღაც რეფორმის ნაწილობრივ გაკეთება, მოტყუებით გაკეთება, ერთს გავაკეთებ და სამს არა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არ გამოდგება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულებაში ოპოზიცია ჩართული უნდა იყოს.
„მან თქვა, რომ გასაგებია ოპოზიცია რეფორმას ვერ ჩაატარებს, მაგრამ ყველა საჭირბოროტო საკითხის გაჟღერებაში ჩართულები ხართ და კიდევ უნდა იყოთ ჩართულებიო. სამუშაო ჯგუფებზე არ ყოფილა საუბარი. მთავარია, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის მონდომებას. ევროკავშირისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ახალგაზრდებს, რაც მან ნახა ამ დღეების განმავლობაში. მთავარი, რასაც მან არაერთხელ გაუსვა ხაზი, არის რეფორმების სრულად შესრულება. აქ იდეები გავცვალეთ, ვთანხმდებით, რომ რაღაც რეფორმის ნაწილობრივ გაკეთება, მოტყუებით გაკეთება, ერთს გავაკეთებ და სამს არა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არ გამოდგება. ასე ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“,- აღნიშნავს ჩიხლაძე.