საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკულ გამოცემა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის „რუსმა აგენტებმა მოწამლეს“. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები „საქართველოს უშიშროების სამსახურებში არიან ჩანერგილები“.
„კარგად მახსოვს ის დღე, როცა მომწამლეს, კინაღამ მოვკვდი. მას შემდეგ ჯანმრთელობა გამიუარესდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მესამე პრეზიდენტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ მან უკვე წონის ნახევარი დაიკლო და ახლა 120- ის ნაცვლად 60 კგ-ს იწონის.
„დაწესებულებაში, სადაც მე ვარ, მთავარ გადაწყვეტილებებს უშიშროების სამსახურები იღებენ და არა ექიმები - ისინი ნიშნავენ მთელ სამედიცინო პერსონალს“ - წერს სააკაშვილი პასუხებში, რომელიც Politico-ს მისი ამერიკელი ადვოკატის, მასიმო დ’ანჯელოს მეშვეობით გადასცა.
თავად ადვოკატ დანჯელოს თქმით კი, შხამის მცირე დოზები, სავარაუდოდ, შერეული იყო ექსპრეზიდენტის საკვებსა და წყალში, რაც ადვოკატის აზრით, „შეესაბამება კრემლის შენელებულ და მტკივნეულ მეთოდებს, როდესაც საქმე ეხება პოლიტპატიმრების ლიკვიდაციას“.