პრეზიდენტი - ხელისუფლების გაუგებარი გადაწყვეტილებების და რიტორიკის მიუხედავად, საქართველოსთვის უარის თქმა მეორედ არ შეიძლება - არ შეიძლება რუსეთს მისცე განცდა, რომ ქვეყანა ისე მჭიდროდ აღარაა დაკავშირებული ევროპასთან და აშშ-სთან

ხელისუფლების გაუგებარი გადაწყვეტილებების და რიტორიკის მიუხედავად, საქართველოსთვის უარის თქმა მეორედ არ შეიძლება - არ შეიძლება რუსეთს მისცე განცდა, რომ საქართველო ისე მჭიდროდ აღარაა დაკავშირებული ევროპასთან და ამერიკასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსზე უარის მეორედ თქმამ, შესაძლოა, საქართველოს შიდა სტაბილურობაზე იმოქმედოს.

„პირველი უარი მგონი ცოტა უსამართლოდ იყო განცდილი საქართველოს მოსახლეობისგან, მაგრამ გასაგები იყო, რომ რაღაცებში არ გამოვხატეთ პოლიტიკური ნება და შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იყო მიღებული.

გადაწყვეტილება უსამართლო იყო [ევროკავშირთან] დაახლოებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, მაგრამ რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ, შარლ მიშლის დოკუმენტის ხელაღებით გადაგდების შემდეგ, პოლიტიკური ნება ნაკლებად იგრძნობოდა. მოლდოვის მიმართ იყო განცდა, რომ ყველაფერს აკეთებს. შეიძლება ისე წინ წასული არაა, მაგრამ მისი ხელისუფლების პოლიტიკური ნება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

ჩემი მოგზაურობის მიზანი იყო ამეხსნა, რომ ყველაფრის - თუნდაც ხელისუფლების გაუგებარი გადაწყვეტილების და რიტორიკის მიუხედავად, საქართველოსთვის უარის თქმა მეორედ არ შეიძლება სტრატეგიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენი იზოლაციაში გადასროლა სტრატეგიულად არ შეიძლება. საქართველო დღეს ისეთ რეგიონშია, რომ საჭიროა სტაბილურობისთვის და არა მეორე ფრონტისთვის. ჩვენი სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი უარის თქმამ შეიძლება ჩვენს შიდა სტაბილურობაზე იმოქმედოს და მოვლენები სხვანაირად წავიდეს.

ჩვენმა მოსახლეობამ ყველანაირად აჩვენა, სად არის, საით მიდის. ერთი მხრივ, ეს უნდა იყოს აღიარებული, მეორე მხრივ კი ეს [სტატუსის არმინიჭება] იქნება ანტი სიგნალი რუსეთისთვის. არ შეიძლება რუსეთს მისცე განცდა, რომ საქართველო ისე მჭიდროდ აღარაა დაკავშირებული ევროპასთან და ამერიკასთან“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ასხივებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება 12 რეკომენდაციის შესრულების პოლიტიკურ ნებას, ზურაბიშვილი ამბობს, რომ „არ ასხივებს, თუმცა ხელისუფლება იქამდე უნდა იყოს მიყვანილი, რომ დაპირებების ერთგული იყოს“.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის