დღეს, ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი და ძალა უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.
ზურაბიშვილი მოსახლეობას საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ეს დღე ჩვენი ევროპული მომავლის საფუძველიცაა.
„გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! ეს დღე არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ ჩვენი ევროპული მომავლის საფუძველიცაა.
ქართული ეკლესია ისტორიულად ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი და გამაძლიერებელი. დღეს, ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი და ძალა უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.