გიორგი ვაშაძე - კობახიძის განცხადება, თითქოს რუსეთს უკრაინაში 2.5-ჯერ მეტი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ანტიუკრაინული პროპაგანდა და რუსული დეზინფორმაციაა

რუსი პროპაგანდისტი ირაკლი კობახიძე, ჯიუტად მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უპირატესობას რუსეთი ფლობს. ასევე, ჯიუტად ამტკიცებს, რომ რუსეთს 2.5-ჯერ მეტი ტერიტორია აქვს დაპყრობილი. საბედნიეროდ, ეს რეალობა არაა და მხოლოდ კობახიძის სურვილსა და ოცნებას წარმოადგენს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

გიორგი ვაშაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ, ირაკლი კობახიძის მსგავსად, დეზინფორმაციას რუსეთიც ავრცელებდა.

„პასუხი მოღალატეს! ირაკლი კობახიძის თქმით, თურმე რუსეთს უკრაინაში 2.5-ჯერ მეტი ტერიტორია ჰქონია ოკუპირებული. სინამდვილეში, ეს ტყუილი კობახიძის რუსული ოცნებაა და ანტიუკრაინულ პროპაგანდას წარმოადგენს! რამდენიმე დღის წინ ზუსტად ასეთი დეზინფორმაციას ავრცელებდა რუსეთი.

კიდევ ერთხელ დეტალურად განვიხილოთ, რა მოხდა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე.

რუსეთი უკრაინას თავს რამდენიმე მიმართულებიდან დაესხა. თავდაპირველად მტერმა მოახერხა უკრაინის არაერთ ოლქში შეჭრა. ოკუპანტები შევიდნენ ხერსონის, მიკოლაივის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, სუმის, კიევის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის ოლქებში, ასევე, წინსვლა დაიწყეს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებშიც, რომლებიც, ნაწილობრივ, 2014 წლიდან ჰქონდათ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან ერთად.

უკრაინელი ერი მტერს გმირულად დაუხვდა, მათ თავგანწირული ბრძოლის შედეგად მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში, რუსები აიძულეს უკან დაეხიათ კიევის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან. ხოლო 8 აპრილს უკრაინის არმიამ ოკუპანტებისგან მთლიანად გაწმინდა სუმის ოლქი.

უკრაინელთა წარმატება ამით არ დასრულებულა, სექტემბრის დასაწყისში უკრაინამ ხარკოვის ოლქში საოცარი ოპერაცია ჩაატარა გენერალ ოლექსანდრ სირსკის მეთაურობით, რომლის შედეგადაც ხარკოვის ოლქი მტრისგან სრულად გათავისუფლდა. ხარკოვის ოლქის გათავისუფლებას მოჰყვა დონეცკის ოლქის ჩრდილოეთში მდებარე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, ლიმანის დაბრუნება.

უკრაინისთვის წლის მთავარი გამარჯვება კი იყო 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსების მიერ ოკუპირებული ერთადერთი ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ხერსონის, ისტორიული გათავისუფლება, რასაც მოჰყვა მიკოლაივის ოლქზე უკრაინის მხრიდან კონტროლის სრულად აღდგენა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის, გენერალ ვალერი ზალუჟნის, 2022 წლის შემაჯამებელ ანგარიშზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების 40% გაათავისუფლეს. ეს არის რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებული მთელი ტერიტორიის (მათ შორის ყირიმის) 28%.

ამ ყველაფრის ფონზე, რუსი პროპაგანდისტი ირაკლი კობახიძე ჯიუტად მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უპირატესობას რუსეთი ფლობს. ასევე, ჯიუტად ამტკიცებს, რომ რუსეთს 2.5-ჯერ მეტი ტერიტორია აქვს დაპყრობილი. საბედნიეროდ, ეს რეალობა არაა და მხოლოდ კობახიძის სურვილსა და ოცნებას წარმოადგენს.

რეალურად უკრაინელმა ერმა გვაჩვენა, რომ დანებება და მტრისთვის სამშობლოს ჩაბარება გამოსავალი არაა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

სწორედ შეუპოვარი ბრძოლის შედეგად შეძლეს უკრაინელებმა ბოროტების იმპერიის განდევნა არაერთი უკრაინული ქალაქიდან და სულ მალე შეძლებენ მათ საბოლოო დამარცხებას. დიდება და გამარჯვება უკრაინას!“ – წერს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, გუშინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით განაცხადა, რომ ისინი უკრაინიზაციისთვის ყველაფერს აკეთებენ, „ამისთვის უნდათ გამოიყენონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ნებისმიერი საბაბი, რომ ააყირაოთ ეს ქვეყანა და გამოიწვიოთ ქვეყანაში მეორე ფრონტი“

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში ვერავითარი რევოლუციებით, აყირავებით „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

„უკრაინიზაციას დავუბრუნდები კიდევ ერთხელ, არ მოგეწონათ ეს ტერმინი. რას ნიშნავს უკრაინიზაცია, პრემიერმა ამაზე ისაუბრა, მეც პატარა აქცენტებს გავაკეთებ. ორ-ნახევარჯერ გაიზარდა ოკუპაციის არეალი მას შემდეგ, რაც დაიწყო შარშან, 24 თებერვალს ომი. ორ-ნახევარჯერ მეტი ტერიტორია აქვს რუსეთს უკვე ოკუპირებული შარშანდელ ვითარებასთან შედარებით. მოსახლეობის ნახევარი, 40 მლნ-დან დაახლოებით, 20 მილიონი ადამიანი არის ან ლტოლვილი, ან დევნილი, ან ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აი, ეს არის უკრაინიზაცია, კარგად რომ იცოდნენ ჩვენმა კოლეგებმა. შარშან ჰქონდათ 35-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა. ეს არის კატასტროფა. რა გვქონდა ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისში, იყო ზუსტად ეს მაჩვენებელი. 35 პროცენტი ეკონომიკური ვარდნა არის უბრალოდ კატასტროფა. ინფრასტრუქტურა განადგურებული, 100 000-ზე მეტი დაღუპული, ახსენა პრემიერმა, 500 ბავშვია მარტო. ეს არის უკრაინიზაცია, რაც ავარიდეთ ჩვენ ჩვენს ქვეყანას და თქვენ ყველაფერს აკეთებდით ამისთვის საქართველოში. სიღარიბის აღმოფხვრამ მსოფლიო ბანკის ოფიციალური მონაცემებით, გადაიწია 15 წლით უკრაინაში. ისედაც დასჭირდებოდა მინიმუმ 15 წელი, კიდევ 15 წლით გადაიწია. ეს ნიშნავს, რომ სიღარიბეს ვერ აღმოფხვრავენ უკრაინაში დაახლოებით, 30 წლის განმავლობაში, სრული კატასტროფაა“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა