“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ყრილობა გაიმართა, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის წესდება დაფუძნდა.„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნად იგორ ნარმანია წარადგინა.
სიტყვით გამოსვლისას იგორ ნარმანიამ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ნიკა გვარამიას პატიმრობასა და დეოლიგარქიზაციაზე.
“მე, როგორც ახალგაზრდული მდივანი პასუხისმგებლობას ვიღებ ახალგაზრდული ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ყველა სტრუქტურის ჩამოყალიბების, ინფრასტრუქტურის გამართვისა და ახალი ენერგიული ადამიანების მოზიდვის საკითხებზე. ეს უნდა იყოს პლატფორმა ყველა ახალგაზრდისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რა იქნება ხვალ. ამასთანავე, „ბორდთან“ ერთად, ერთი წლის განმავლობაში ჩავატარებთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნებს, რომლითაც გავაგრძელებთ “ნაციონალური მოძრაობის” ტრადიციას - იყოს ინოვატორი ქართულ პოლიტიკაში. ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩევა ღია, გამჭვირვალე ელექტრონული პლატფორმით, სადაც თითოეულ კანდიდატს მიეცემა კამპანიის ჩატარების თანაბარი შესაძლებლობები, იქამდე კი პირობას გაძლევთ, რომ ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული მოძრაობა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მიშას თავისუფლებისთვის! საქართველოში რუსული მმართველობის საბოლოოდ დასამარებისთვის”! , - განაცხადა იგორ ნარმანიამ.