თეონა აქუბარდია - „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ამ პოლიტიკით მშვიდობას შეინარჩუნებს, მაგრამ არ გამოვა - რაც შეეხება პრეზიდენტს, ის კონსტიტუციის მხარეს დგას, თუმცა მნიშვნელოვანია მისი განცხადებები ქმედებებად იქცეს

ირაკლი ღარიბაშვილს შევახსენე, რომ ის წარსულში ჩარჩენილი პრემიერია, არა იმიტომ, რომ მას შეურაცხყოფას ვაყენებ, არამედ იმიტომ, რომ თავად სულ წარსულზე საუბრობს. ინტერპელაციის დროს მე დავინახე შეშინებული პრემიერ-მინისტრი, რომელიც ღიმილის გამოც კი ბრაზდებოდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ვიღაცები, საქართველოს შიგნით და გარეთ ქვეყნის ევროპულ არჩევანს ხელს უშლიან, პირდაპირი გზავნილი იყო „ქართული ოცნების“ მიმართ.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპელაციის პროცესში ღიად ამბობდა, რომ არა ქვეყნის, არამედ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრია.

„ინტერპელაციის კითხვები იმ საფრთხეებსა და გამოწვევებს ეხებოდა, რომელიც რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე საქართველოში გვაქვს. ამავდროულად, თქვენ კარგად იცით, რომ 2011 წლიდან საქართველოს დეოკუპაციის ხედვა არ გააჩნია ისევე, როგორც არ გააჩნია უსაფრთხოების სტრატეგიები. პრემიერს კანონმდებლობა ავალდებულებს, რომ მსგავსი გეგმა პარლამენტთან წარადგინოს.

ინტერპელაციით მაინც კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ საბოლოოდ პრემიერის ლუსტრაცია მოხდა. ის ღიად ამბობდა, რომ არა ქვეყნის, არამედ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრია. მაშინ, როდესაც პრემიერმა ტერმინი უკრაინიზაცია შემოგვთავაზა, ის არ ამბობდა, ვინ არის აგრესორი უკრაინის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, ნათელია, რომ სახელმწიფო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს უფრთხის. პატარა და ოკუპირებული ქვეყანა ვართ, რომელსაც თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. 2016 წლიდან ნატო და ევროკავშირი საქართველოს ეროვნული მედეგობის გასაძლიერებლად ერთობლივად ეხმარებიან. ამის ფონზე, მთავრობა „მეხუთე კოლონად“ და მტრად მოიხსენიებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.

„ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ამ პოლიტიკით მშვიდობას შეინარჩუნებს, მაგრამ არ გამოვა. რუსეთი არავის გამო საკუთარი ინტერესების სვლას არ შეაჩერებს. ირაკლი ღარიბაშვილს შევახსენე, რომ ის წარსულში ჩარჩენილი პრემიერია, არა იმიტომ, რომ მას შეურაცხყოფას ვაყენებ, არამედ იმიტომ, რომ თავად სულ წარსულზე საუბრობს. ამით საფრთხე ექმნება საქართველოს აწმყოსაც და მომავალსაც.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვითხრა, რომ საქართველოს ევროპულ არჩევანს პატივს სცემს და იმის აღნიშვნა, რომ ვიღაცები, ქვეყნის შიგნით და გარეთ ამ არჩევანს ხელს უშლიან, პირდაპირი გზავნილი იყო „ქართული ოცნების“ მიმართ.

მე დავინახე შეშინებული პრემიერ-მინისტრი, რომელიც ღიმილის გამოც კი ბრაზდებოდა. ღიმილის და სიცილისაც კი ეშინიათ. მოცემულობაა ის, რომ ამ მთავრობის პირობებში, თითოეული მოქალაქის არც კეთილდღეობა არც უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესი უზრუნველყოფილი ვერ იქნება და ისინი არჩევნების დროს უნდა გავუშვათ, მაგრამ მანამდე, უნდა ვაიძულოთ, რომ ხალხის დაკვეთა შეასრულოს“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, როგორც პოლიტპატიმრების შეწყალების, ასევე საერთაშორისო ვიზიტების მიმართულებით, ქმედებებად იქცეს.

„ამ ვითარებაში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის მხარეს დგას. ამას მოწმობს მისი სიტყვებიც და საერთაშორისო ვიზიტებიც. ამ მდგომარეობაში დაყოფის ნაცვლად გამაერთიანებელი მიზეზები უნდა ვეძებოთ. სადაც კი საერთო ინტერესების ადამიანებს დავინახავთ, მათთან უნდა დავდგეთ. პრეზიდენტის განცხადებები თუ ქმედებებად გადაიქცევა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს გულისხმობს როგორც მის უფლებას, შეიწყალოს პოლიტპატიმრები, ასევე საერთაშორისო ვიზიტებს და პარტნიორებთან თანამშრომლობას“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა