ანა ნაცვლიშვილი - ძალიან ცხადი და ნათელია ტყუილი, რომ ხელისუფლება ევრორეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს - „ქართული ოცნებისთვის“ 12 პუნქტის შესრულება საფრთხეს წარმოადგენს

ძალიან ცხადი და ნათელია ტყუილი, რომ ხელისუფლება ევრორეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს - ჩვენი ქვეყნის პრობლემა რუსული ხელისუფლებაა, რომელსაც დემოკრატიული რეფორმების გატარების არანაირი სურვილი არა აქვს, - ეს განცხადება პარლამენტში „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლებას ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ყველაზე საკვანძო რეკომენდაციების შესრულების პოლიტიკური ნება არ გააჩნია, მათ შორის ეს დეოლიგარქიზაციას და სასამართლო რეფორმას ეხება.

ნაცვლიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ევრორეკომენდაციების შესრულების მოთხოვნას აგრძელებს და ამ მხრივ ხელისუფლების კომფორტის ზონაში დატოვებას არ აპირებს.

„ყოველგვარ ფაქტობრივ რეალობას არის მოკლებული მათი პროპაგანდა, რომ ამაში დამნაშავეა ოპოზიცია, დასავლეთი ან ვინმე სხვა. მაგალითისთვის მათ მინდა შევახსენო, რომ „ლელოს“ მიერ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულია ოთხი კანონპროექტი, ხოლო ხელისუფლება განხილვის დაწყებასაც კი ხელოვნურად ბლოკავს.

ფართო სურათი ასეთია - ერთი ხელით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ხდება, მაგრამ ამ დღეებში ასევე თვალნათლივ ვხედავთ, რომ მათივე ხელით ირღვევა კანონი, როცა ის მათ მხარდამჭერებს უნდა შეეხოს.

ჩვენი პარტიული პოზიციაა, რომ მთავარია, საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდეს წინ იაროს და სტატუსი მიიღოს. ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ სტატუსს მიიღებს სხვა ხელისუფლების პირობებში, ჩვენ ამის კომპლექსი არა გვაქვს! ეს რამდენად შესაძლებელია, ამას დრო აჩვენებს. მთავარი პრობლემაა ის, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ძალა, რომელსაც პოლიტიკური ნება ან რესურსი აქვს, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები გაატაროს. რატომ? - იმიტომ, რომ დღეს, მათი ძალაუფლება სასამართლოს კონტროლზე და კორუფციულ სქემებზე დგას. ეს ყველაფერი რომ შეცვალო და რეფორმირებას დაუქვემდებარო, ძალაუფლებას და მხარდაჭერას დაკარგავენ იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც თავისუფალი სასამართლო რომ არსებობდეს, თავისუფალი არ უნდა იყვნენ. მაგალითად, პროპაგანდისტები. კორუფციის მექანიზმები რომ არსებობდეს, ვერ უნდა იგებდნენ ტენდერებს და შემდეგ არ უნდა ხდებოდნენ შემომწირველები.

ნათელია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ რეკომენდაციების შესრულება საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მისი შესრულების შემთხვევაში ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის