ქალთა უფლებების დასაცავად ვითომ ინტენსიური საკანონმდებლო ცვლილებები მიმდინარეობს, მაგრამ როცა ქალთა უფლებების დაცვა "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებისგან პრაქტიკაში ხდება საჭირო, ყველა ინსტიტუცია ჩამოშლილი და მდუმარეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მან ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალთა უფლებების დაცვა ევრორეკომენდაციების ნაწილია, მაგრამ ხელისუფლებას მიღებული კანონების შესრულების ნება არა აქვს.
"როდესაც საზოგადოების წინაშე კონკრეტული საქმე და ფაქტები დგება, ამაზე რეაგირება მოგეთხოვება, მაგრამ სახელმწიფო უწყებები არ რეაგირებენ და მთელი "ქართული ოცნება" სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ ადამიანს დაცვაში უდგება, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ მხოლოდ კანონების წერა კი არ შეგვიყვანს იქ, სადაც გვინდა რომ შევიდეთ - დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში, საჭიროა პრაქტიკაში გამოხატული ნება.
დღეის მდგომარეობით ვხედავთ, რომ ხელისუფლებას მიღებული კანონების შესრულების ნება არა აქვს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.