სალომე სამადაშვილი - ოპოზიციას საერთოდ არაფერი შეუძლია, არც კანდიდატის სტატუსისთვის ხელის შეშლა და არც შეწყობა - ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

ოპოზიციას საერთოდ არაფერი შეუძლია, არც კანდიდატის სტატუსისთვის ხელის შეშლა და არც შეწყობა - ყველა პოლიტიკურ შედეგზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ობიექტური შეფასებით, ქვეყანა, შესაძლოა, ისევ კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული ადამიანი, ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპელაციის დროს ტრიბუნიდან რუსულ გზავნილებს აჟღერებდა. ეს ის ადამიანია, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია იმაზე, რომ ქვეყანას დღეს კანდიდატის სტატუსი არ აქვს. ყველა ობიექტური შეფასებით, შესაძლოა, ისევ კანდიდატის სტატუსის გარეშე დავრჩეთ. ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ, რომ დღეს ახალი უსაფრთხოების კონცეფცია რომ იწერებოდეს, ირაკლი ღარიბაშვილი საფრთხეებში აპირებს ჩაწეროს: არასამთავრობო ორგანიზაციები, „ფრანკლინის კლუბი“, დემოკრატიული ოპოზიცია, ევროპარლამენტი, ჩვენი მოკავშირეები დასავლეთში, რომლებიც დემოგრაფიული რეფორმების გატარებისკენ მოგვიწოდებენ და უკრაინა, მაგრამ არა რუსეთი. უტრირებულად ვამბობ, მაგრამ კარგია, რომ ამ ხელისუფლების მიერ ქვეყანას ახალი უსაფრთხოების კონცეფცია შექმნილი არ აქვს, იმიტომ, რომ არსებობს ის დოკუმენტები, რომლებიც მემკვიდრეობით მოგყვება. ეს ხელისუფლება ახალ მიდგომებს და პარადიგმებს რომ იმუშავებდეს, ეს პარადიგმები პირდაპირ რუსეთიდან შეკვეთილი იქნებოდა. ჩვენ როგორმე შემდეგ არჩევნებამდე უნდა მივიდეთ, ეს ხალხი სახლში გავისტუმროთ და შემდეგ ამ ქვეყანას ადეკვატური უსაფრთხოების კონცეფციაც ექნება, პოლიტიკაც და სწრაფი ნაბიჯებითაც შესაბამის მოქმედებას დაიწყებს”, - აღნიშნა სამადაშვილმა.

პარლამენტის დეპუტატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს სჯერა, რომ უკრაინა დამარცხდება და ის ამ პოზიციას უცხოელ კოლეგებთან პირად შეხვედრებზე აფიქსირებს.

ირაკლი ღარიბაშვილს სჯერა, რომ უკრაინა დამარცხდება, ის ამას უცხოელ კოლეგებთან პირად შეხვედრებზე აფიქსირებს, ჩვენ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ ის პირდაპირ ეუბნება მათ, რომ „თქვენ გჯერათ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს?“ ის ამას ევროპელ კოლეგებს ეუბნება და ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ფარულად და არც თუ ისე ფარულად გულშემატკივრობს რუსეთს იმიტომ, რომ უკრაინის გამარჯვება რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ გარემოს ქმნის, რომელშიც ამ ხელისუფლებას უბრალოდ არანაირი შანსი არ რჩება. თვითგადარჩენის ინსტინქტით შეპყრობილი ვირთხები, მათი ამოსავალი არის რუსეთის გამარჯვება, ამიტომ ისინი პირდაპირ რუსეთს გულშემატკივრობენ. ასევე, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ომის შიშის ფაქტორი, იმიტომ, რომ ერთადერთია, რაზეც ეს ხელისუფლება დგას. ხელისუფლება, რომელმაც ჩვენი სახელმწიფო გააკოტრა - მსოფლიოში საქართველო 10 ქვეყანაში შევიდა, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მოსახლეობის გადინების, ეს ხელისუფლება სრულად კორუმპირებულია.

თუ რამე ვიცი, არის, როგორ ფუნქციონირებს ევროკავშირი და გადაწყვეტილებებს როგორ იღებს. ოპოზიციას საერთოდ არაფერი შეუძლია, არც კანდიდატის სტატუსისთვის ხელის შეშლა და არც შეწყობა. არც ის პოზიცია არ მესმის, როდესაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ ჩვენ ვივლით და ქვეყნის სახელით ვისაუბრებთ, ჩვენ კანდიდატის სტატუს მივიღებთ, ეს არის სისულელე. ასეთივე სისულელეა „ქართული ოცნების“ გაჟღერებული პროპაგანდა, რომ ვინმე ოპოზიციიდან ხელს უშლის. ყველა პოლიტიკურ შედეგზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის