საბა ბუაძე - „ქართული ოცნების“ რეიტინგების მთვლელი კომპანია „გორბი“ ოქროყანაში უკანონო მშენებლობას აწარმოებს, თბილისის მერია კი პირდაპირ ხელს აფარებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის" თავმჯდომარის, საბა ბუაძის განცხადებით, ოქროყანაში, სააგარაკე ტერიტორიაზე „ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანია „გორბი“ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს, რომელიც მუნიციპალურ რეგულაციაში არ ჯდება.

ის მუნიციპალიტეტის ინსპექციას მიმართავს, რომ „ამ უკანონო მშენებლობით“ დაინტერესდნენ.

„მინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო უკანონო მშენებლობის შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნების“ რეიტინგების მთვლელი კომპანია „გორბი“ აწარმოებს. თბილისის მერია ამ კომპანიის მიერ წარმოებულ უკანონო მშენებლობას პირდაპირ ხელს აფარებს. ოქროყანაში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ აგარაკებია და იცით, რომ ეს არის სააგარაკე ტერიტორია, რომელიც ფიჭვნარით არის შემოფარგლული, ეს კომპანია მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს, რაც არანაირად არ ჯდება არცერთ სამშენებლო და მუნიციპალურ რეგულაციაში.

ამ კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ წელს, მუნიციპალური ინსპექციისგან მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანება მიიღო, მაგრამ როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, ეს კომპანია დაჯილდოვდა და მათ ამ უკანონო სამარცხვინო მშენებლობის უფლება მიეცათ.

ეს არის კახა კალაძის აღვირახსნილი, ურბანული პოლიტიკის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო მაგალითი, სადაც ასეთი უკანონობის წარმოების უფლება, იმ ადამიანებს და კომპანიებს ეძლევათ, რომლებიც „ქართული ოცნების“ და პირადად კახა კალაძის ინტერესებთან დაკავშირებული არიან. ეს კომპანია „ქართული ოცნების“ რეიტინგების მთვლელი რომ არ ყოფილიყო, ბუნებრივია მსგავსი მშენებლობის წარმოების უფლებას ის ვერ მიიღებდა. სახეზეა მორიგი დანაშაული დედაქალაქის წინააღმდეგ.

მინდა კიდევ ერთხელ მუნიციპალურ ინსპექციას მივმართო, რომ ხელახლა ამ უკანონო მშენებლობით დაინტერესდნენ და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ, რატომ მოხდა ამ შეჩერების ბრძანების გაუქმება და რა შეიცვალა, მაშინ, როდესაც მათ გააუქმეს ის ბრძანება, რომელიც უკანონო დარღვევით მიმდინარე მშენებლობას შეეხებოდა. აქ პარტიული და პოლიტიკური ინტერესი სახეზეა“, - განაცხადა ბუაძემ.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით კი, ოქროყანაში, სააგარაკე ტერიტორიაზე კომპანია „გორბის“ მიერ მიმდინარე მშენებლობა, ნებართვის ვადის ამოწურვის გამო, ამ ეტაპზე შეჩერებულია. როგორც მუნიციპალურ ინსპექციაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ინსპექციამ ობიექტი ორჯერ, ჯამში 70 000 ლარით დააჯარიმა.

„კომპანიას ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, რომელიც თავდაპირველ პროექტში იყო განსაზღვრული, მრავალბინიანი საცხოვრებლის რეგისტრირება ჰქონდა გაკეთებული, რაც დარღვევა იყო და ჩვენ მშენებლობა გავაჩერეთ. ორჯერ დავაჯარიმეთ, მათ შორის დაუმორჩილებლობაზე, ჯამში 70 000 ლარით. ის დარღვევა, რის გამოც შევაჩერეთ მათ გამოასწორეს, მაგრამ ნებართვის ვადა ამასობაში გასული იყო და ობიექტი გაჩერებულია, ანუ ამ ეტაპზე, შეჩერებულია ობიექტი, რადგან ნებართვის ვადა ამოწურული აქვს. თუ ისინი გააგრძელებენ მშენებლობას, ეს იქნება დაუმორჩილებლობა და, რა თქმა უნდა, დაჯარიმდებიან“, - განაცხადეს მუნიციპალური ინსპექციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა