ხელისუფლებაზე ისეთივე ზეწოლა უნდა იყოს ქვეყნის შიგნით და გარეთ, როგორც ეს ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით იყო, იქნებ ამან თავიდან აგვაცილოს სამოქალაქო დაპირისპირება, რომლისკენაც სამწუხაროდ, მივდივართ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, თუკი საქართველო შემოდგომაზე კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, იქნება გამოსვლები და ამან შეიძლება ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებამდე ან ხელისუფლების ჩანაცვლებამდე მიიყვანოს.
ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი 12 პუნქტის შესრულების გარეშე მიიღოს.
„როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, თავიდან უნდა ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება. ამასთან, შემოდგომისთვის, ძალიან დიდ ფაქტორი იქნება თუ რა ვითარება იქნება უკრაინაში.
არ არის გამორიცხული, რომ კანდიდატის სტატუსი 12 პუნქტის შესრულების გარეშეც მოგვცენ. ოპოზიციამ უნდა დაიწყოს 12 პუნქტისგან პოლიტიკური პროცესის შექმნა და დღეს უნდა დაიწყოს ამაზე ლაპარაკი. დღესვე უნდა ჩართოს ახალგაზრდობა ამ თემაში. ოპოზიციამ ანალიზი და განხილვა უნდა დაიწყოს იმაზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს 12 პუნქტი. 12 პუნქტის შესრულება კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია პროცესიც. ამ პროცესის გააქტიურება უნდა დაიწყოს და ეს თემა პოლიტიკურ პროცესში გადაიზრდება. იქნებ მოხერხდეს, რომ ხელისუფლება ცოტა გამოფხიზლდეს.
კანონპროექტებთან მიმართებაში, ხელისუფლებაზე ისეთივე ზეწოლა უნდა იყოს ქვეყნის შიგნით და გარეთ, როგორც ეს იყო ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით, იქნებ ამან თავიდან აგვაცილოს სამოქალაქო დაპირისპირება, რომლისკენაც სამწუხაროდ, მივდივართ“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.