მედიასთან დაკავშირებული საკითხები არის ძალიან პრობლემური, მათ შორის, ნიკა გვარამიას საკითხი, თუ პრეზიდენტს არ ექნება გადაწყვეტილებები, ექსპერტული შეფასება არაფერს შეცვლის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაესწრებიან თუ არა პრეზიდენტის მოხსენებას, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„არსებობს რამდენიმე საკითხი, რაც ხელს უშლის პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მიღებას. იმაზე დიდი ეროვნული საკითხი, ვიდრე არის კანდიდატის სტატუსი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, საქართველოს არ აქვს. პირველი საკითხი, რაზეც პრეზიდენტის განცხადებები გვინდა მოვისმინოთ, არის 12 პუნქტიანი რეკომენდაციები, მათ შორის, მართლმსაჯულების საკითხი, რაზეც ყველა შეთანხმებულია, რომ კლანი არ უნდა მართავდეს მას, ასევე მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის საკითხი, თუ როგორ უშლის ოლიგარქია ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასევე, მედიასთან დაკავშირებული საკითხები არის ძალიან პრობლემური, მათ შორის ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი, თუ ამ საკითხებზე არ ექნება გადაწყვეტილება, ექსპერტული შეფასებები არაფერს შეცვლის,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტი პარლამენტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით 31 მარტს მივა.