მაინტერესებს, „ქართული ოცნება“ კვლავ დგას თუ არა რიგითი შალვა რამიშვილის რეპუტაციის გადასარჩენად? - მანამ, ვიდრე „ქართული ოცნების" დეპუტატები ინდივიდუალურად არ ემიჯნებიან ამ სიბილწეს, შალვა რამიშვილის მორალი არის ამათი მორალი, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების აქცენტებს იზიარებს.
„მე მაინტერესებს ოჯახის, ეროვნული იდენტობის, კულტურის, ქართველობის, ეკლესიის სადარაჯოზე ვითომ მდგარი „ქართული ოცნება" როგორ აფასებს იმ ჩანაწერს, რომლის შინაარსიც არის აბსოლუტურად მიუღებელია ყველა სტანდარტით და კიდევ დგას თუ არა მათ შორის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც როცა ადამიანის უფლებებზე საუბრობს დეპუტატი, ეჩვენება, რომ ეს ციციკორეობაა, კვლავ დგას თუ არა რიგითი შალვა რამიშვილის რეპუტაციის გადასარჩენად, თუ კიდევ დარჩა რამე ამ რეპუტაციიდან?
მანამ, ვიდრე „ქართული ოცნების" დეპუტატები ინდივიდუალურად არ ემიჯნებიან ამ სიბილწეს, შალვა რამიშვილის მორალი არის ამათი მორალი, განსხვავება არ არის. პრეზიდენტის განცხადებას მივესალმები და სრულად ვიზიარებ აქცენტებს.
თათია მოვინახულე გუშინ და ჩემი მხრიდან ეს იყო ჟესტი თანადგომის და ყველა ქალის მიმართ გზავნილი, რომ სადამდეც შემეძლება მათ გვერდით ვიქნები, მიუხედავად იმისა, ვინ დგას მეორე მხარეს. გადატანილის მიუხედავად ის არის მხნედ და მას აქვს საბრძოლო განწყობა, რადგან თათია ის ქალია, ვინც ამ ქვეყანაში პირველი პრეცედენტი შექმნა, სასამართლოს გზით მოუგო შემვიწროებელს და თავის სიმართლე დაამტკიცა ორი ინსტანციის სასამართლოში "ქართული ოცნების" პირობებშიც კი. შესაბამისად, არ მგონია, რომ მისი გატეხა მარტივია, მაგრამ გასაგებია ჩემთვის ხელისუფლების და პროპაგანდისტული მანქანის მიზანი, ისინი ფიქრობენ და ცდილობენ დააშინონ ყველა შესაძლო სხვა ქალი, რომელსაც აქვს ანალოგიური გამოცდილება და აჩვენონ, რომ თუ ხმას ამოიღებ ამ მძიმე გზას გაგატარებთ, თუმცა, საზოგადოება ძალიან აშკარად გამოხატავს სოლიდარობას,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ძალადობის კუთხით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და აღნიშნულის "სხვადასხვა ფორმით გამართლებას" შემაშფოთებელი უწოდა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება“.
„ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!“ , - განაცხადა ზურაბიშვილმა.