სააკაშვილი საქმეზე გადაწყვეტილებას არ იღებს კონკრეტული მოსამართლე, მაგალითად, ბატონი ბადრი კოჭლამაზაშვილი ან ქალბატონი ნინო ჩახნაშვილი. ამ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური ხელისუფლება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცმა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამისი ნათელი მაგალითია, როდესაც სასამართლოს შეეშალა და წინასწარ დაურეკეს მას, რომ მომდევნო დღეს ტარდებოდა გასვლით სასამართლო სხდომა.
„მე შემიძლია ოქმის აუდიო ჩანაწერი მოგასმენინოთ სასამართლო სხდომიდან, რომელიც „ვივამედში“ გაიმართა, როცა სასამართლოს შეეშალა და წინასწარ დამირეკა, რომ ხვალ, ზეგ ვატარებდით გასვლით სასამართლო სხდომას. შემდეგ უკვე იქ მისულს მოსამართლე მიმტკიცებდა ჩვენ არ დაგვირეკავს, ჩვენც არ ვიცოდით თუ აქ ჩავატარებდითო, რადგან ეს უნდა გადაწყდეს მხარის შუამდგომლობის საფუძველზე პროცესზევე. ამიტომ, ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, რომ იურიდიულ კაზუისტიკას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა თუთბერიძემ.
სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, საქართველოს მართლმსაჯულებაში ბოლო ათწლეულები, თითქმის არასოდეს ყოფილა დროის პერიოდი, როცა სასამართლოში აქტუალური იყო მხოლოდ სამართლებრივი საკითხები.
„არასოდეს ყოფილა სასამართლო წარმოება შემოზღუდული წმინდა სამართლებრივი, იურიდიული მეცნიერებებით. თუმცა, დღეს სააკაშვილის საქმეზე გვაქვს სიტუაცია, როცა იურიდიულ კაზუისტიკას ბევრად უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საქმის სხვა კომპონენტებს“, - დასძინა ადვოკატმა.
თუთბერიძის თქმით, სააკაშვილის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური მდგენელი, რომელიც შედგება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპონენტისგან.
„მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ვექტორი ძალიან ნათელი გახდა ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც პრაქტიკულად არ დარჩენილა ცივილიზებული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც არ გამოეხმაურა სააკაშვილის საკითხს და რატომღაც ყოველთვის გამოდის, რომ ყველა ქვეყნის მთავრობა ღარიბაშვილს ებრძვის. ერთადერთი ვინც ამას არ აკეთებს რუსეთის ფედერაციაა“, - განაცხადა თუთბერიძემ.
სააკაშვილის უფლებადამცველის თქმით, ცხადია ის, რომ პრაქტიკულად ყველა ქვეყნის და ყველა ევროპული ინსტიტუტის ძალიან მწვავე განცხადებების სამიზნე გახდა საქართველო ბოლო პერიოდში.
„ეს არის სწორედ საქართველოს ხელისუფლების ბრალი და ეს არის მათ შორის სააკაშვილის საქმის ამგვარი პოლიტიზირების ბრალი“, - აღნიშნა თუთბერიძემ.
ამასთან, როგორც ადვოკატმა განაცხადა. „ვივამედში“ სააკაშვილის მიმართ არც ისე კარგი გარემოა შექმნილი.
„ვგულისხმობ იმას, რომ ყოველი მეორე თანამშრომელი, მათ შორის, პენიტენციურის თანამშრომელი იქ გადაყვანიდან, ორი კვირის წინ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გადმოსული“, - აღნიშნა თუთბერიძემ.
ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველის თქმით, სააკაშვილის ე.წ შეხვედრების ოთახში მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული და ექსპრეზიდენტის ნებისმიერი კომუნიკაცია მკაცრად კონტროლდება, როგორც აუდიო ასევე ვიდეო საშუალებით, რაც აკრძალულია.
„ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა მიხეილ სააკაშვილთა საუბრის შინაარსი ღარიბაშვილს გაუბრიფინგებია მომდევნო დღეს“, - განაცხადა თუთბერიძემ.
ადვოკატის თქმით, გაუჭირდება თარიღის დასახელება, თუ როდის გაიგზავნება სტრასბურგში მათი საჩივარი.
პოლონელ მედიკოსებზე საუბრისას კი თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ეს იყო არა მხოლოდ სააკაშვილის ოჯახის მიერ არჩეული ექიმები, არამედ, ექიმების შერჩევა მოხდა პოლიტიკურ დონეზე მხარეთა შეთანხმების შედეგად.
„პოლონეთის მთავრობის მიერ არის ეს ჯგუფი შეკრებილი და ეს არ არის დაცვის მხარის მიერ მოწვეული კერძო კლინიკის რომელიმე ექიმი“, - განაცხადა თუთბერიძემ.
სააკაშვილის ადვოკატის თქმითვე, პოლონელი მედიკოსები მზად არიან საქართველოში ჩამოსასვლელად, თუმცა მათ ამის უფლებას არ აძლევენ.