არ მგონია, ვინმეს მისათითებელი ჰქონდეს, რომ სამარცხვინოა, მაგრამ ნამდვილად გულდასაწყვეტია, როცა პრეზიდენტს ქალი ჟურნალისტისადმი პრაქტიკულად ფიზიკური ძალადობა არ ანაღვლებს და ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში სხვა გარემოებები ანაღვლებს - როცა პრეზიდენტი ქალთა მიმართ გარკვეულ მანკიერებებზე საუბრობს, ქალ ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტი საერთოდ ყურადღების მიღმა რჩება, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.
სარჯველაძის შეფასებით, ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილი აყოლილია ტენდენციებს და ოპოზიციის ხაზისთვის მიმხრობას ცდილობს.
„ამ ამბებში ძალიან ბევრია პოლიტიკური და უფრო მეტად პიარული ნაბიჯები, ვიდრე სამართლებრივად ვარგისი არგუმენტების სიმრავლე. თუკი საკითხს ზედმიწევნით სამართლებრივად შევაფასებთ, ვითარება ცოტა განსხვავებულად წარმოსაჩენი ხდება ხოლმე - განსხვავებული იმისგან, რის წარმოჩენასაც პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანები ცდილობენ. ალბათ, უმჯობესია საკითხი პოლიტიკური მიკერძოებულობისგან, პოლიტიკური დღის წესრიგისგან გავათავისუფლოთ, ამის მიხედვით ვიმსჯელოთ და მსჯელობა თვისობრივად განსხვავებული იქნება. ინფორმაცია, რომელიც მე ამ ამბავთან დაკავშირებით მაქვს, მედიით მიღებული ინფორმაციაა. მედია აშკარად ისე „ალამაზებს“ ინფორმაციას, რომ ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან მტყუანისა და მართალის გარჩევა და კვალიფიციური იურიდიული შეხედულებების თქმა რთულია. ეს ინფორმაცია მართლა შელამაზებული ხომ არ გგონიათ?! - ინფორმაცია დამახინჯებულია“, - განაცხადა სარჯველაძემ თათია სამხარაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.