თათია სამხარაძის შემთხვევა ნათლად ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა გამქრალია ხელისუფლების დღის წესრიგიდან, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.
პარტიაში თათია სამხარაძის წინააღმდეგ უკანასკნელ დღეებში წარმოებულ კამპანიას „ფსიქოლოგიური ტერორის კამპანიას“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის „ხელისუფლების პროპაგანდისტის“ დაცვას ისახავს მიზნად.
„ვეხმაურებით ხელისუფლების მიერ წარმოებული ფსიქოლოგიური ტერორის კამპანიას, რომელიც რამდენიმე დღეა უწყვეტად გრძელდება და მიზნად ისახავს ხელისუფლების პროპაგანდისტის დაცვას, მსხვერპლის დისკრედიტაციას და პოტენციური მსხვერპლების დაშინებას.
თათია სამხარაძის შემთხვევა ნათლად ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა გამქრალია ხელისუფლების დღის წესრიგიდან. „ოცნებამ“ უარი თქვა იმ პროგრესზე, რასაც სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მივაღწიეთ.
უფრო მეტიც, იქ, სადაც ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს მოძალადისა და არა მსხვერპლის დასაცავად.
სოლიდარობას ვუცხადებთ თათია სამხარაძეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ფსიქოლოგიური ტერორი, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის და დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება მომხდარზე“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.