პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განხილული იყო 12 -პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ევროპელი კოლეგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტერესის საგანს წარმოადგენდა მონაწილეობდა თუ არა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი სამუშაო შეხვედრებში და იმ სამუშაოში, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას უკავშირდება.
"მათი ინტერესის საგანს წარმოადგენდა თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ ჩვენ იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აქვს დარჩენილი. ეს არის "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტი და ასევე, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ მათ განვუცხადეთ, რომ ამ ორ საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე ვენეციის კომისიიდან და ეუთო/ოდირიდან მიღებული გვაქვს დასკვნები. ჩვენ ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გვექნება განხილვა, მსჯელობა და ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც თავსებადია საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან, ვენეციის კომისიის მიდგომებთან, გათვალისწინებული იქნება. ასე იქნება ყველა კანონი მიღებული", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.