შეთანხმება თავზე გადაახია მიშელს და ევროკავშირს “ქართულმა ოცნებამ“, ამიტომ გაუგებარია, როგორ შეიძლება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰქონდეს სურვილი აქ ჩამოვიდეს, - ამის შესახებ „ლელოს“დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რას ნიშნავს ის, რომ შარლ მიშელი ჩადის მოლდოვაში და არ სტუმრობს საქართველოს.
სამადაშვილი გამოეხმაურა შარლ მიშელის განცხადებას და აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით უკრაინა და მოლდოვა საქართველოსგან ძალიან განსხვავებულ მდგომარეობაში არიან.
„ისინი უკვე კანდიდატები არიან და დღეს ევროკავშირი მსჯელობს, როდის გახსნას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესი ამ ქვეყნებთან, საქართველოს ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი და როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ წლის ბოლოს გაიმართება მსჯელობა, ეს მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე იქნება: მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის დაიწყონ გაწევრიანებაზე მოლაპარაკება, საქართველოს შემთხვევაში უნდა იმსჯელონ, მიანიჭონ თუ არა კანდიდატის სტატუსი. დარჩენილ რამდენიმე თვეში „ქართული ოცნება“ თუ დაიწყებს რაიმეს კეთებას, რადგან მათ 8 თვე უკვე დაკარგეს, ახლა თუ რაიმე ნაბიჯებს გადადგამს ისეთს, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროკავშირისთვის, რომ სურვილი, მიენიჭოს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, განხორციელებადი გახდეს, შეიძლება საქართველოს ჰქონდეს შანსი, რომ სტატუსი მიიღოს, მაგრამ დღეს "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ამას ხელი შეუშალოს.
ევროკავშირის მოთხოვნების პირველი პუნქტი არის სწორედ მიშელის შეთანხმების სულისკვეთების აღდგენა და ამ შეთანხმების შესრულება. მიშელის შეთანხმება თავზე გადაახია მიშელს და ევროკავშირს „ქართულმა ოცნებამ" და ანულირება მოახდინა. ამიტომ გაუგებარია, როგორ შეიძლება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰქონდეს სურვილი აქ ჩამოვიდეს ან აქტიური პოზიცია დაიკავოს სტატუსის მიღების პროცესში მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მას შეუქმნა სერიოზული პოლიტიკური პრობლემები, როცა უარი თქვა მიშელის უშუალო თანამონაწილეობით მიღწეულ შეთანხმების შესრულებაზე“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. აღნიშნული განცხადება მიშელმა კიშინიოვში, მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დადებითი გადაწყვეტილება წლის ბოლოსთვის შესაძლებელი გახდება", - განაცხადა შარლ მიშელმა.