ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას, პოლიტიკურ ჯგუფ „მოქალაქეების" წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ევროპელი კანონმდებლები ქართველი კოლეგისგან დაინტერესდნენ თუ რა მოლოდინი აქვს მის პოლიტიკურ ჯგუფს რეკომენდაციების შესრულების კუთხით და როგორი იყო მათი ჩართულობა შესრულების პროცესში.
„ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკოსის, ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება. ყველა პოლიტიკური სუბიექტი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, გვერდზე უნდა გადავდოთ პარტიული ინტერესები და უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს სხვა მომავალი, გარდა ევროპული მომავლისა.
ჩვენ, „მოქალაქეები", მიუხედავად იმისა, რომ ორი მანდატი გვაქვს პარლამენტში, ცხრა სამუშაო ჯგუფში აქტიურად ვიყავით ჩართული და მიმაჩნია, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც მაქსიმალურად უნდა მობილიზდნენ", - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.