ხვალ ვადამდელი არჩევნები რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ დრამატულად წააგებს, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მორალური მდგენელი „მთლიანად გამოცლი აქვს“ და სუსტია, როგორც არასდროს.
„ვფიქრობ, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ელექტორალური თვალსაზრისით, ისეთი სუსტია, როგორც არასდროს. მორალურად და სხვა თემებს არ ვამბობ, დიდი ხანია ფსკერს გაცდნენ. არჩევნების დანიშვნას უნდა სვლა და მომზადება. საჭიროა კამპანია, რომ გავაგებინოთ საზოგადოებას ევროკავშირის სიკეთეები და, მათ შორის, საპროტესტო მუხტი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში კრიზისი შეიქმნას. არ შეიძლება 18 თვე ველოდოთ - 18 თვეს „ქართულ ოცნებას“ აცლი, როცა ყოველი დღე გვაკარგვინებს ევროპას, სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
გადაცემაში მან ასევე განმარტა, რას ნიშნავს თემატური ბოიკოტი და აღნიშნა, რომ ბოიკოტი არ შეეხება კანონპროექტების განხილვას, რაც დაკავშირებულია 12 -პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან.
„წინასწარ, სავარაუდო თემებზე ბოიკოტს არავინ აანონსებს. ზუსტად ვერ გეტყვით, რა თემა იქნება. თემატური ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ მუდმივად არ ხარ ბოიკოტში. რაღაც პოლიტიკური მდგომარეობის გამო შეიძლება გამოიყენო ბოიკოტი, რომელიც რეგლამენტით არის გაწერილი. ნებისმიერი კანონპროექტი, განხილვა თუ ინიციატივა, რაც დაკავშირებულია ჩვენი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან აქ, რა თქმა უნდა, აქტიურები ვიქნებით“,- განაცხადა ჩიხლაძემ.