მათ თავიანთი „სიძულვილის ენა“ „სიყვარულის ენა“ ჰგონიათ და როცა სხვა ამაზე რეაგირებს, როგორც ჩანს, ამაზე პრეტენზიები აქვთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა ქუჩებში ე.წ. რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების გამოსახულებით ფლაერები გაკრეს, დღეს კი საპასუხოდ, ე.წ „სიძულვილის ენის“ შემცვლელი ფლაერები „ქართულმა ოცნებამ“ გააკრა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სამოქალაქო აქტივისტების მიერ ფლაერების გაკვრას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საკუთარ „ფეისბუკის“ გვერდზეც კი ეხმაურებოდა და აქებდა, დღეს კი სხვა ფლაერების გაკვრა აღარ მოეწონა.
„გუშინ პარტიის თავმჯდომარემ დიდი ემოციით გამოაქვეყნა „რა კარგი რაღაც მოხდა, ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე რაღაც პლაკატები რომ გაუკრავთო“, აპიარებდნენ ამას. შემდეგ ღამე რომ გაიკრა სხვა პლაკატები და დილით დახვდათ ათეულობით ათასი პლაკატი, ეს აღარ მოეწონათ, თქვეს, რომ ეს არის „სიძულვილის ენის“ შემცვლელიო. გუშინ სიყვარულის ენის შემცვლელი იყო, დღეს „სიძულვილის ენის“ შემცვლელია... ორმაგი სტანდარტია აქაც, როგორც სხვა საქმეში. რა თქმა უნდა, ზოგადად ცუდია რაღაც იარლიყების მიკერება, მაგრამ მათ თავიანთი „სიძულვილის ენა“ „სიყვარულის ენა“ ჰგონიათ და როცა სხვა ამაზე რეაგირებს, როგორც ჩანს, ამაზე სხვა პრეტენზიები აქვთ. ვინც გააკრა, ბუნებრივია, მისი რეაქცია იყო გუშინდელ იმ მარაზმზე, რაც იკადრეს და პარტიის თავმჯდომარე აპიარებდა თავის „ფეისბუკზე“ ამ ყველაფერს“, - განაცხადა მდინარაძემ.