კრემლის ფილიალმა და მისმა კარის „მილიციამ" უკვე ღიად დაიწყო აქციის მონაწილეთა შევიწროება, დაშინება და დაპატიმრება, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია მოხდეს აქციის „მორალური გაშავება.
„მიზანი დისკრედიტაციაა, მეთოდი ნაცადი - საბჭოთა. უნდა მოხდეს აქციის მორალური გაშავება... ეს სტანდარტული მესიჯით არ გამოუვიდათ, არადა სცადეს - ნაყიდი, არაგულწრფელი, მართული - რა სიბინძურე არ მოიფიქრეს, მაგრამ უკურეაქცია მიიღეს. ახლა საბჭოთა "მილიციის" ყველაზე მდაბიო ხერხს მიადგნენ- ახალგაზრდების წინააღმდეგ საქმეებს კერავენ; მათ წარსულში იქექებიან და რეციდივისტებად წარმოადგენენ. სურთ, ამ ახალგაზრდებს "ბოროტმოქმედის" იარლიყი მიაკერონ!
დააკავეს ერთი 21 წლის ბიჭი და სამყაროს ყველა უბედურება მას უნდათ, დააბრალონ. თანაც შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში იმუქრებიან, ყველას დაგიჭერთო! მიზანმიმართულად ისეთ მუხლებს ედავებიან, რომ პატიმრობა ხანგრძლივი იყოს და სამაგალითოდ დასაჯონ. გარდა ამ ფაქტისა, ათობით მუქარისა და შევიწროების ფაქტია უკვე გასაჯაროებული. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია მობილიზება და ერთად დგომა, ერთმანეთის ინფორმირება და დაკავებულებსა თუ შევიწროებულებზე ინფორმაციის გავრცელება, სასამართლო პროცესებზე სიარული და ყველანაირი იურიდიული, მორალური თუ მატერიალური დახმარების აღმოჩენა იმ პირებისათვის, ვისაც სამიზნეში ამოიღებს ძირგამომპალი რუსული რეჟიმი. მე პირადად და "ლელო საქართველოსთვის" არ დავიშურებთ ენერგიასა და შესაძლებლობებს, რომ ყველა კონკრეტულ საქმეს მივყვეთ ბოლომდე - ჩვენი კოლეგა იურისტები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში! ნუ შეგეშინდებათ, თქვენ არ ხართ მარტო! შეგვეხმიანეთ ჩვენს Facebook-გვერდზე, მობრძანდით ჩვენს ოფისებში! ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით უფლებადამცველ ორგანიზაციებთან და სხვა კოლეგებთან, რათა ერთიანი ფრონტი გაიშალოს. ჩვენი თანადგომის იმედი გქონდეთ!
როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, "ვიყოთ ყურადღებით, არ გავუშვათ მომენტი, იმიტომ, რომ ეს მომენტი არ გაგრძელდება სამუდამოდ". ეს დიდი ცვლილებების მომენტია და ამ მომენტში შეეცდებიან რომ დაგვჩაგრონ, დაგვიჭირონ, გაგვაშავონ, ცხოვრება დაგვინგრიონ და ამით მაგალითი შექმნან სხვების დასაშინებლად! როგორც აქციაზე ერთად დგომა იყო ჩვენი წარმატების ფორმულა, ახლაც, "კუდიანებზე ნადირობა" არ უნდა ვაცადოთ“,- განაცხადა დათუნაშვილმა.