გიორგი ვაშაძე - მე ალბათ, სხდომას არ დავესწრები, სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით მაქვს ნულოვანი ნდობა - ვფიქრობ, რომ ხვალ გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებით დავკავდები

სხდომას არ დავესწრები, მასთან მიმართებით მაქვს ნულოვანი ნდობა, ვფიქრობ, ხვალ გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებით დავკავდები, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებასა და რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი დღეს არ არის დამოუკიდებელი.

„პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, სავარაუდოდ, პაატა მანჯგალაძე დაესწრება. მე ალბათ, არ დავესწრები ამ სხდომას, დროც არ მაქვს და არც გამოსვლის უფლება მაქვს. ისეთი წესები გააკეთეს, მე გამოსვლის უფლება არ მექნება და მოსმენით ტელევიზიითაც მოვუსმენთ. ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ექსპერტული შეფასებებიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე არ გადავა, მე მასთან მიმართებით მაქვს ნულოვანი ნდობა. ამდენი ხანია მთელი ევროპა, მთელი საქართველო ითხოვს, რომ მან შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს და არ იყენებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნდობა არ მაქვს და ვფიქრობ, რომ ხვალ გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებით დავკავდები.

მისდამი პატივისცემას დავაფიქსირებ, როგორც კი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ამის შემდეგ პატივს ვცემ, დანარჩენი ყველა არის ცრუ ილუზია, რომელსაც საზოგადოებას ზოგიერთი ადამიანი უქმნის. მე არ მჯერა, რომ ის არის დღეს დამოუკიდებელი, ამ დამოუკიდებლობას დავიჯერებ მაშინ, როცა გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს და არა იმ შემთხვევაში, როცა შეგონებებით გამოდის. პრეზიდენტის ინსტიტუცია არსებობს იმისთვის, როდესაც არის ნაბიჯები გადასადგმელი, იმ მინიმალური უფლებამოსილებებით მაინც, ეს ნაბიჯი გადადგან. მაგალითად შეიწყალოს გვარამია, სააკაშვილი, შემოგვთავაზოთ ცესკოს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატურა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ექნება მხარდაჭერა და არა ის, რომ სიტყვით ერთს ამბობდე და საქმით მეორეს აკეთებდე. როგორც კი დავინახავ, ამის შემდეგ შეიძლება ნდობა ჩამოყალიბდეს, სხვა შემთხვევაში მე არ ვენდობი. 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი გარანტორი იყო ეს ადამიანი, რომელმაც იმის შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება დაარღვია, არაფერი გააკეთა. პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო ერთ-ერთი საკითხი და ყველა შემდგომი პოლიტიკური მართლმსაჯულების დროს მას შეწყალების მექანიზმი უნდა გამოეყენებინა, საზოგადოების თხოვნის გარეშე. დღემდე ამას ამბობს და წელავს. როგორც კი ნაბიჯი იქნება, შეიძლება ჩემგან ნდობა იყოს. ცრუ ილუზიებს მოვეშვათ თუ შეიძლება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართავს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა, 31 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო