მიხეილ სარჯველაძემ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვით, იმ პირთა კატეგორიას, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდებიან, პირთა ახალი ჯგუფი ემატება

წვევამდელი, რეზერვისტი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, ვადის ამოწურვიდან სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლდება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვით, იმ პირთა კატეგორიას, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდებიან, პირთა ახალი ჯგუფი ემატება.

როგორც ინიციატივის ავტორი განმარტავს, კანონმდებლობის თანახმად, ბავშვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედება 18 წლის ასაკის მიღწევისას წყდება და სტატუსის დასადგენად ის გადამოწმებას ექვემდებარება. ამავე დროს, სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობა. შესაბამისად, სტატუსშეწყვეტილი პირი, de facto შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის მიუხედავად, ავტომატურად იმ პირთა კატეგორიაში ინაცვლებს, რომელიც სამხედრო აღრიცხვას ექვემდებარება. შემდგომში კი, რიგი პროცედურების შემდეგ, ასეთი პირის სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გამორიცხვა სამედიცინო კომისიის დასკვნას დაეფუძნება, რომელმაც შეამოწმა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის დასადგენად.

„პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს არაერთმა მოქალაქემ განცხადებით მომართა, სადაც მოქალაქეები გამოხატავდნენ წუხილს, რომ პირებს, რომელთაც 18 წლის ასაკს მიღწევის საფუძვლით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი შეუწყდათ, დროით შუალედში, ვიდრე მათი მდგომარეობის გადამოწმება მოხდება, სამხედრო სავალდებულო სამსახურში იწვევენ. განცხადების ავტორთა განმარტებით, აღნიშნული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსშეწყვეტილი პირებისათვის, ისევე როგორც მათი წარმომადგენლებისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს. მაგალითად, სტატუსშეწყვეტილი პირისათვის გამწვევ კომისიაში გამოცხადება, სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაში სამედიცინო შემოწმების გავლა შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც ლოჯისტიკურ, ისე ემოციურ სირთულეებთან.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, წვევამდელი/სამობილიზაციო რეზერვისტი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, ვადის ამოწურვიდან სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, თუმცა არაუმეტეს 3 თვის მანძილზე, სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდება.

გარდა ამისა, იცვლება შშმ პირის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მოდელი. კერძოდ, პარლამენტისთვის შეთავაზებული რეგულაციით, ინფორმაციის მიმოცვლის სისტემიდან სამედიცინო დაწესებულებების ამოვარდნა ხდება. ნაცვლად ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის მოქალაქის შშმ პირის/სტატუსშეწყვეტილი პირის შესახებ ინფორმაციაზე ელექტრონული სახით რეალურ დროში წვდომას. შესაბამის მუნიციპალიტეტს აღნიშნული ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მიეწოდება.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის