ყოველთვის გავითვალისწინებთ პირველ რიგში ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მშვიდობა არის უალტერნატივო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით და ევროინტეგრაციით.
„ზოგადად, ძალიან რთული ვითარებაა რეგიონში, მხედველობაში მაქვს უკრაინაში ომი, რომელიც ძალიან მძიმეა. ჩვენ კარგად ვიცით, რამხელა უბედურების მომტანია ზოგადად ომი, რა შეიძლება მოიტანოს ქვეყნისთვის. მე ვიტყვი ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი იყო ზეწოლა, ძალიან ბევრი მოწოდებები კეთდებოდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, ეს პოზიცია, ეს დამოკიდებულება ნარჩუნდება დღესაც, ამ დამოკიდებულებით ვიქნებით მომავალშიც, ყოველთვის გავითვალისწინებთ პირველ რიგში ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მშვიდობა არის უალტერნატივო, მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, რათა განვითარებული ეკონომიკით მოვახერხოთ ევროინტეგრაცია, ტერიტორიული გამთლიანება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით და ევროინტეგრაციით“, - განაცხადა კახა კალაძემ.