„ნაცმოძრაობა“ ნაკლებად გვაძლევს მოტივაციას, რომ მათ კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერად ლევან ბეჟაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.
მისივე განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვა იქნება საპარლამენტო უმრავლესობაში და ამის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
„ზოგადად, „ნაცმოძრაობა“ მთლიანად არის დაკავებული პოლარიზაციის გაღვივებით. ასეთ პირობებში, რამდენად იქნება საპარლამენტო უმრავლესობა მოტივირებული, რომ მხარი დაუჭიროს რომელიმე კანდიდატურას ვიცე-სპიკერის პოსტზე, არ ვიცი. განხილვა გვექნება საპარლამენტო უმრავლესობაში და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ ნაკლებად გვაძლევს მოტივაციას, რომ მათ კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.