საქართველოში შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესის ვიზიტის პროგრამა დიდწილად ფოკუსირებული იყო კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაზე, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია საქართველოში ვიზიტით იმყოფება, რომელიც გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება. პრინცესას საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) მასპინძლობდნენ. ვიზიტი ამა წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პროგრამის ნაწილია.
ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ხაზი გაუსვას ევროკავშირის კრიზისის სამოქალაქო მართვის და ევროკავშირის სამოქალაქო მისიების მნიშვნელობას. EUMM ამის შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირის სამოქალაქო მისიებს სტაბილურობის უზრუნველყოფაში, უსაფრთხოების ამაღლებაში და ქვეყანაში ნდობის შექმნაში დახმარება იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებენ.
გვირგვინოსანი პრინცესის პროგრამა დიდწილად ფოკუსირებული იყო კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე და EUMM-ის მუშაობაზე, რომლის სათავო ოფისსაც იგი ეწვია აქ თბილისში, ასევე ერთ-ერთი საველე ოფისიც მოინახულა და ხურვალეთში საპატრულო მისიაშიც იყო“, - განაცხადა ტიდესტრომმა.