დღეს არაფორმალური მმართველობა ხორციელდება ძირითადად “ქართუს”თანამშრომლების და მათი ოჯახების მეშვეობით, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტესტის წინაშე დგას, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილის დანიშვნა საფრთხის ქვეშ დააყენებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ამასთან, ანა დოლიძის თქმით, ხუციშვილის მონაწილეობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის კონკურსში, დადასტურებული არ არის, ამიტომ მან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.
„დღეს არაფორმალური მმართველობა ხორციელდება ძირითადად “ქართუს”თანამშრომლების და მათი ოჯახების მეშვეობით. ოლიგარქის გავლენის შემცირებისთვის აუცილებელია „დექართუიზაცია”. პრეზიდენტი ზურაბიშვილი დგას ტესტის წინაშე. მან არ უნდა დანიშნოს ეროვნულ ბანკში “ქართუს” კადრის ოჯახის წევრი, ლაშა ხუციშვილი. ხუციშვილის დანიშვნა საფრთხის ქვეშ დააყენებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ვინაიდან, დადასტურებული არ არის ხუციშვილის მონაწილეობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის კონკურსში, მე დღეს გამოვითხოვე ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.’’ - აცხადებს ანა დოლიძე.
ანა დოლიძის განცხადებას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.